Thumbnail
  • ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა
  • განვლილი ეტაპის სტატისტიკური მონაცემები და საინტერესო ფაქტები

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა და 20-მა ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა. კიდევ 4 საგზურისთვის კიდევ 16 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტში დაგეგმილ პლეი ოფში იბრძოლებს. 

იქამდე კი განვლილი შესარჩევი ციკლის შეჯამება, მისი სტატისტიკური მონაცემების, საინტერესო ფაქტების, გმირებისა და ანტიგმირების დასახელება შეგვიძლია.

საუკეთესო თავდასხმა

ბელგიის ნაკრებმა შესარჩევში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ბელგიის ნაკრები შესარჩევ I ჯგუფში მეტოქეებზე, სულ ცოტა, ერთი თავით მაღლა იდგა. რობერტო მარტინესის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა სხვა მონაწილეზე მეტი გაიტანა - 10 მატჩში 40 გოლი.

მაგრამ, თუ მხედველობაში საშუალოდ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობას მივიღებთ, ასეთი რეიტინგის ლიდერი უკვე ინგლისის ნაკრები იქნება. საუთგეიტის გუნდმა 8 მატჩში მეტოქეთა კარში 37-ჯერ შეაგდო. საშუალოდ ინგლისელები თამაშში 4,625 გოლს იტანდნენ.

საუკეთესო დაცვა

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციოზე ყველაზე ცოტა გოლი ერთბაშად ორმა ნაკრებმა,  თურქეთმა და ბელგიამ გაუშვეს - 3-3. თურქებს ორჯერ ისლანდიელებმა გაუტანეს, ერთიც - ფრანგებმა. ბელგიის ნაკრების კარში გატანა მხოლოდ რუსებმა (2) და კვიპროსელებმა მოახერხეს.

100%-იანები

რიკარდო ორსოლინი და ფედერიკო კიეზა სომხეთთან მატჩში

ჯგუფში ქულათა 100% მხოლოდ ორმა ნაკრებმა მოიპოვა - ბელგიამ და იტალიამ. ბელგიელებმა 10 მატჩიდან 7 სულაც მშრალი ანგარიშით მოიგეს. იტალიელები შედარებით მოკრძალებულნი იყვნენ, სამაგიეროდ, "სკუადრა აძურამ" ბოლოს სომხეთი არ დაინდო - არამ აირაპეტიანის კარში 9 გოლი შეაგდო.

საუკეთესო ბომბარდირი

ჰარი კეინი შესარჩევის მთავარი მეგოლე იყო

ინგლისელთა ფორვარდმა ჰარი კეინმა შესარჩევის ბოლო ტურში, კოსოვოსთან მატჩში მე-12 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში უკან კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) და ერან ზაჰავი (ისრაელი) მოიტოვა, რომლებმაც შესარჩევში 11-11 გოლი შეაგდეს. ამას გარდა, ტოტენჰემის თავდამსხმელი იშვიათი მიღწევითაც გამოირჩა - ჰარიმ ყველა იმ თამაშში გაიტანა, რომელშიც ითამაშა.

საუკეთესო ასისტენტი

მემფის დეპაიმ საგოლე პასების გარდა, 6 გოლიც შეაგდო

შესარჩევში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ერთბაშად სამ ფეხბურთელს ჰქონდა. 7-7 პასი ჰოლანდიელმა მემფის დეპაიმ, ბელგიელმა ედენ აზარმა და ფრანგმა ანტუან გრიზმანმა მიითვალეს. ოღონდ, დეპაიმ ეს შედეგი 6 მატჩში დააფიქსირა, აზარმა - 8, ხოლო ფრანგმა 10 შეხვედრაში. 

უიღბლოები

ევრო 2020-ის მთავარ უიღბლოთა რიცხვში ორი ეროვნული გუნდია - სან მარინო და გიბრალტარი. გიბრალტარელებმა, რომლებიც D ჯგუფში საქართველოსთან ერთად გამოდიოდნენ, ყველა მატჩი დათმეს, 31 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 3 გაიტანეს (აქედან 2 გიორგი ლორიას კარში). სან მარინომაც ყველა თამაში წააგო, სულ ერთხელ გაიტანა, მეტოქეებისგან კი 51 გოლი მიიღო. 

📺 გიბრალტარის ერთ-ერთი გოლი ლორიას კარში

ყველაზე უხეში გუნდი

ამ შესარჩევში უხეშობით განსაკუთრებით ლატვია, ანდორა და მოლდოვა გამოირჩნენ. ამ ნაკრებებმა 28-28 ყვითელი ბარათი მიიღეს. ამასთან, მოლდოველებმა მატჩში მეორე ყვითელი ორჯერ მიიღეს, ლატვიელებმა - ერთხელ.

ყველაზე უხეში ფეხბურთელი

ანდორელი მცველმა ხესუს რუბიომ საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენა, რომ მოედანზე მისგან შორს ჯობს თავის დაჭერა. ჩატარებულ 7 მატჩში მან მსაჯს თავი 6-ჯერ გააფრთხილებინა.

ყველაზე დისციპლინირებული გუნდი

იოახიმ ლიოვის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე საოცრად "სუფთა თამაში" აჩვენა. გერმანიის ნაკრებმა ჩატარებულ 8 მატჩში სულ 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.

გერმანიის ნაკრები გამორჩეულად კორექტული იყო

ყველაზე მკაცრი არბიტრი

იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი შესარჩევში ყველაზე დაუნდობელი იყო. როკიმ 4 მატჩი განსაჯა და ფეხბურთელებს ჯამში 23 ყვითელი ბარათი უჩვენა. 

ყველაზე დასწრებადი ნაკრები

გულშემატკივრებში ყველაზე დიდი ინტერესს ინგლისის ნაკრების "უემბლიზე" გამართული მატჩები იწვევდა. ლეგენდარულ სტადიონზე საშუალოდ 80 819 მაყურებელი სტუმრობდა. 

ინგლისის ნაკრების მატჩებზე უემბლიზე ანშლაგი გარანტირებულია

კომენტარები

ბოლო ამბები