Thumbnail
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ცსკა | 📺 სილკ უნივერსალი
  • მოსკოველთა თავკაცმა თორნიკე შენგელიას დომინაცია გამოარჩია

საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დღეს გვიან ღამით ვიტორიაში შედგება, სადაც თორნიკე შენგელიას ბასკონია მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს.

ბასკური კლუბი სეზონის სტარტზე არადამაჯერებლად გამოიყურება და 3 მოგებით მხოლოდ მე-11 ადგილზეა, რუსული გრანდი კი, 6 გამარჯვებით მე-3 პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ მოსკოველთათვის ევროლიგაში მძიმე პერიოდი იწყება, რადგანაც მათ 9-დღიან პერიოდში ესპანეთში 3 გასვლითი მატჩი ელით. ბასკონიასთან ჯახის მერე, ცსკა ჯერ მადრიდში ითამაშებს, შემდეგ კი – ბარსელონაში.

თავის მხრივ, ბასკებს "არმიელთა" შემდეგ, ორიოდ დღეში, კიდევ ერთი რუსული კლუბი სანკტ-პეტერბუგის ზენიტი ესტუმრება. ვიტორიელებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნა, სადაც შენგელია, ჯეიმსი და პეტერბურგელთა მექსიკელი ლიდერი გუსტავო აიონი "მატრიოშკების" ფორმაში არიან გამოსახულნი.

ვიტორიაში გამგზავრების წინ, ცსკა-ს ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა მეტოქის ღირსებებზე ისაუბრა და ქართველი კალათბურთელის ფაქტორიც გამოარჩია.

“ესპანური ტურნეს განმავლობაში პირველი შეხვედრა ბასკონიასთან გველის, რომელსაც ბოლო პერიოდში არცთუ კარგი შედეგები აქვს, თუმცა, ძალიან შეუპოვარ გუნდად რჩება. მათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, თუმცა, ჩვენთან მატჩისთვის ისინი მწყობრში იქნებიან.

მეტოქე რეაბილიტაციისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს გუნდი ძლიერია მოხსნისთვის ბრძოლისას, გაბარიტები არცერთ პოზიციაზე აკლია და სირბილიც უყვარს. მათ რიგებში არიან სპეციალისტები პიკ-ნ-როლისას და ფარქვეშ თამაშში, სადაც შენგელია დომინირებს. ყავთ სნაიპერებიც. ამდენად, ურთულეს შეხვედრას ველი”.

საინტერესოა, რომ ცსკა და ბასკონია ერთმანეთს ევროლიგის შარშანდელი გათამაშების მეოთხედფინალში გადაეყარნენ და მაშინ შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვში 1 მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა, საბოლოოდ, 1:3 დამარცხდნენ.

ცსკა-ს ამჟამინდელი ლიდერი მაიკ ჯეიმსი ვიტორიელთა ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა, გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი ბასკონიაში ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა, დარუნ ჰილიარდმა კი ბასკეთში უკანასკნელი 1 სეზონი დაჰყო.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას ევროლიგაში სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (33) სწორედ ცსკა-სთან აქვს დაფიქსირებული და შეტევაში ყველაზე მეტი (6) მოხსნაც იმ თამაშს უკავშირდება, რომელიც 2017 წლის დეკემბერში შედგა.

თორნიკეს მიმდინარე სეზონში ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული უკვე 2-ჯერ (მე-4 და მე-6 ტურები) აქვს მოპოვებული და ასეთივე შედეგი აქვს ხსენებულ ჯეიმსსაც (1-ლი და მე-8), ამდენად, ამ ორ კალათბურთელზე გასული 8 ტურის ნახევარი ნაწილდება.

შენგელიას სხვა მხრივაც გამორჩეული სეზონი აქვს, რაზეც მთელი რიგი სტატისტიკური მაჩვენებლები მოწმობს.

ქართველ მძიმე ფორვარდს მინიმუმ 10 ქულა ევროლიგის ზედიზედ 9 მატჩში აქვს ჩაგდებული.

თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა ციფრში მიჯრით 8 შეხვედრაშია გამოხატული.

შენგელიას აქტივში მინიმუმ 1 სამქულიანი ბოლო 7-დან ექვს მატჩში გახლავთ დაფიქსირებული.

ქართველი ლეგიონერი სარგებლიანობის კოეფიციენტის (22.6) მიხედვით, მიმდინარე სეზონში, პირველ ადგილზე იმყოფება.

ამასთან, ბასკონიას კაპიტანი მე-5 პოზიციაზეა ქულების (19.1) მხრივ და მეოთხეა მოხსნებში (6.5).

შენგელიას მხოლოდ 25 ქულა აშორებს, რათა ევროლიგაში 1 500-ქულიან ზღვარს უწიოს და 4 ჩაჭრა სჭირდება ამ კომპონენტში 100-იანი ნიშნულის დასაფიქსირებლად.

ბასკონიას და ცსკა-ს მოახლოებული დაპირისპირება ღამით, კონკრეტულად კი, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი გეგმავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

კომენტარები

ბოლო ამბები