Thumbnail

NBA | სამმაგი დუბლი ყველა გუნდთან - ლებრონ ჯეიმსის კიდევ ერთი რეკორდი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 112:107 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა

ლეიკერსმა ოკლაჰომასაც მოუგო (112:107) და ეს მოსალოდნელიც იყო, მთავარი კი სხვა რამ არის: ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული რეკორდი მოხსნა!

King James-მა 25 ქულით, 11 მოხსნით და 10 ასისტით სამმაგი დუბლი შეასრულა და არც ეს უკვირს ვინმეს. ლებრონისთვის ეს ამ სეზონში მეხუთე სამმაგი დუბლი იყო და არც ესაა ყველაფერი - განუმეორებელი ამბავი ის არის, რომ ჯეიმსს ახლა უკვე NBA-ს ყველა, 30-ივე გუნდთან სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული და ერთადერთი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ეს შეძლო.

“ეს ძალიან მაგარი სტატისტიკაა და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა,” - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ.

📺 ვიდეო: ლებრონის ისტორიული სამმაგი დუბლი

ჯეიმსის შემდეგ, ყველაზე მეტ გუნდთან სამმაგი დუბლი რასელ ვესტბრუკს აქვს შესრულებული - მან ეს 29 გუნდის წინააღმდეგ გააკეთა და ერთადერთი გუნდი, რომელთანაც სამმაგი დუბლი აკლია, ოკლაჰომაა, სადაც კარიერის პირველი 11 წელი გაატარა. ჯეისონ კიდს სამმაგი დუბლი 28 გუნდთან აქვს შესრულებული.

სამმაგი დუბლების რეიტინგში ლებრონი ახლა მეხუთე ადგილზეა (86). მის წინ არიან ოსკარ რობერტსონი (181), ვესტბრუკი (141), მეჯიქ ჯონსონი (138) და კიდი (107).

უშუალოდ ოკლაჰომასთან მატჩში ყველაზე მეტი ქულა ენტონი დევისმა დააგროვა - მან 34 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნასთან და 4 პასთან ერთად, 4 ჩაჭრა და 2 დაფარებაც ჰქონდა.

ლეიკერსი 12 მოგებით და 2 წაგებით მთლიანად ლიგაში საუკეთესოა. დასავლეთ კონფერენციაში ლებრონის და დევისის გუნდთან ყველაზე ახლოს ჯეიმს ჰარდენის და რასელ ვესტბრუკის ჰიუსტონია - 11 მოგებით და 3 მარცხით.

ლეიკერსი მომდევნო მატჩსაც ოკლაჰომასთან გამართავს - ოღონდ სტუმრად, 23 ნოემბერს.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 112:107 ოკლაჰომა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები