Thumbnail

ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა ალდირ შლეე - კაცი, რომელმაც ბრაზილიის ლეგენდარული, ოქროსფერი ფორმა შექმნა. ფორმა შორეულ 1953 წელს შეიქმნა, თუმცა ეს ამბავი უფრო ადრე იწყება.

Maracanazo, ანუ მარაკანას საშინელება

1950 წლის 16 ივლისს, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიადი მატჩი გაიმართა. ბრაზილია ურუგვაის მასპინძლობდა. ბევრს ეს თამაში მუნდიალის ფინალი ჰგონია, თუმცა ასე არ არის. 1950 წლის მუნდიალი ერთადერთი იყო, რომელსაც რეგლამენტის მიხედვით ფინალი არ უნდა ჰქონოდა. ჯგუფების ოთხი პირველადგილოსანი ფინალურ საჩემპიონო ჯგუფში ხვდებოდა ერთმანეთს - ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი იყო.

არავის ეპარებოდა ეჭვი მასპინძელი ბრაზილიის გამარჯვებაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში არავის ეფეხბურთებოდა. ბრაზილიამ წინა წელს კოპა ამერიკა ტრიუმფალურად მოიგო - 8 თამაშში გატანილი 46 გოლი, მათ შორის იყო გამარჯვება ურუგვაისთან, ანგარიშით 5:1.

ბრაზილიამ პირველი ჯგუფური ეტაპი ასევე იოლად გაიარა, ფინალურ ჯგუფში კი ჯერ შვედეთი გაანადგურა 7:1, შემდეგ კი - ესპანეთი 6:1. „სელესაო“ იმდენად მაგრად თამაშობდა, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშს თითქოს აზრი არ ჰქონდა.

სანამ ბრაზილია დაფრინავდა, ურუგვაი წვალობდა - ძლივს გათანაბრებული შეხვედრა ესპანეთთან (2:2) და შვედეთთან ბოლო წუთებზე, ასევე წვალებით მოგებული მატჩი (3:2).

მოხდა ისე, რომ მესამე მატჩი მართლაც ფინალს დაემსგავსა. ბრაზილიას 4 ქულა ჰქონდა (ძველი სისტემით 2 ქულა გამარჯვებაზე), ურუგვაის კი - 3. ურუგვაის მოგება უნდოდა, ბრაზილია კი ფრეზეც მსოფლიოს ჩემპიონი იყო.

1950 წელი - ბრაზილია -ურუგვაი

არავის, აბსოლუტურად არავის არ სჯეროდა, რომ ურუგვაი ბრაზილიას წინააღმდეგობას გაუწევდა. მატჩის წინა დღეს ბრაზილიელთა ბაზაზე პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გამოჩნდნენ - ისინი ფეხბურთელებს გამარჯვებას წინასწარ ულოცავდნენ.

ობდულიო ვარელა

22 ოქროს მედალი ბრაზილიელთა სახელებით უკვე დამზადებული იყო, რიოს მერმა თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მოთამაშეებს მიმართა: „თქვენ მოგმართავთ, როგორც უკვე გამარჯვებულებს. თქვენ კონკურენტი მთელ გალაქტიკაში არ გყავთ.“ თამაშის დღეს წინასწარ დაბეჭდილი გაზეთები ბრაზილიელებს ჩემპიონობას ულოცავდნენ, უკვე დაწერილი იყო გამარჯვებულთა სადიდებელი სიმღერა - Brasil os Vencedores – „ბრაზილია - გამარჯვებულები“.

ბრაზილიელთა ზედმეტმა თვითრწმენამ ურუგვაელები მხოლოდ გააბრაზა. მათმა კაპიტანმა, ობდულიო ვარელამ, ურუგვაის ნაციონალურმა გმირმა და ფეხბურთის ფოლკლორისთვის უკვე ლეგენდად ქცეულმა კაცმა, წინასწარ დაბეჭდილი გაზეთები შეაგროვა და გასახდელში დაარიგა. ვარელას მოწოდებით, ურუგვაელებმა გაზეთებს, რომლებიც ბრაზილიის გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდნენ, ზემოდან დააფსეს. ისედაც უტეხი ხასიათით და ბრძოლისუნარიანობით განთქმული ურუგვაელები ამის შემდეგ მზად იყვნენ, ბრაზილიისთვის თავი შეეკლათ.

იმ საღამოს მარაკანაზე, ოფიციალურად 173 ათასი კაცი იყო, არაოფიციალურად კი, გულშემატკივართა რიცხვი 200 ათასს აჭარბებდა. თამაში დაიწყო და დაიწყო ბევრად უფრო რთულად, ვიდრე ბრაზილიას ეგონა.

მონუმენტი მონტევიდეოში - ვარელას ბურთი ხელში უჭირავს

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ბრაზილიამ ანგარიში გახსნა და ტრიბუნებზე ზეიმი დაიწყო. შეხვედრის ყველაზე დრამატული მომენტი ბრაზილიელთა გოლს მოჰყვა - ვარელამ, „სელესტეს“ კაპიტანმა, ბურთი ხელში აიღო და გვერდით მსაჯთან სადავოდ წავიდა. იგი ამტკიცებდა, რომ გოლი თამაშგარედან გავიდა. ურუგვაიში ზუსტად აქვთ დათვლილი, რამდენ ხანს დავობდა ვარელა - ზოგი 120 წამს ამბობს, ზოგიც 130-ს. წამებს მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ვარელამ თამაშის მერე აღიარა, მან იცოდა, რომ თამაშგარე არ იყო, მას მხოლოდ დროის გაყვანა სურდა. უნდოდა, რომ გოლის შეგდებით აღტკინებული ბრაზილიელი ქომაგი და მოთამაშეები დამშვიდებულიყვნენ, ურუგვაელები კი გონს მოსულიყვნენ. ვარელას პაუზამ ბრაზილიას ემოციური მუხტი მოპარა.

მსაჯთან დავის შემდეგ გაცოფებულმა ვარელამ თანაგუნდელებს მიმართა - „ახლა 200 000 კაცის ხმა ისმის, ძალიან მალე ეს 200 000 კაცი დადუმდება და მე ვიქნები ერთადერთი, რომლის ხმასაც სტადიონზე გაიგონებთ“.

200 000 კაცი სულ რაღაც 20 წუთში დადუმდა - სკიაფინომ ანგარიში გაათანაბრა და ჰაერში წაგების სუნი დადგა. ერთი გოლიც და ლეგენდარული ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონობის გარეშე რჩებოდა. ეს გოლი 13 წუთში გავიდა - ალსიდეს გიჯამ მახვილი კუთხიდან გაიტანა და პატარა ურუგვაიმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია დადო.

ურუგვაის გამარჯვების გოლი

ამ დღეს, 15 წლის ალდირ შლეე, ბრაზილიის სამხრეთით, სასაზღვრო ქალაქ რიო გრანდე დუ სულის მაცხოვრებელი, ურუგვაიში იყო. კვირა დღეს მან საზღვარი გადაკვეთა და ურუგვაიში, რიო ბრანკოში, კინოს ესტუმრა. შუა სეანსის დროს კინო გაწყდა და დაუჯერებელი სიახლე გამოაცხადეს - ურუგვაიმ გაიმარჯვა.

ეს წაგება არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მარცხი - ბრაზილიამ დიდი სულიერი ტრავმა მიიღო. ბრაზილიის რესპუბლიკა 1889 წელს შეიქმნა. გაჭირვებულ და კორუმპირებულ ქვეყანაში ფეხბურთი თითქმის ერთადერთი სიხარული იყო. ფეხბურთი ერთადერთი რამ იყო, რაშიც ბრაზილიელებს ეგონათ, რომ საუკეთესოები იყვნენ და ახლა მათ ოთხმილიონმა პატარა მეზობელმა მოუგო.

ბრაზილიურ გაზეთში თამაშიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეწერა: „ჩვენ ერიც კი არ ვართ, წავაგეთ იმაშიც კი, რაც კარგად გამოგვდის. ჩვენ ერთადერთი მოპარვა და ჭამა შეგვიძლია.“

ნაკრების რამდენიმე წევრმა ნაკრებს მაშინვე თავი დაანება, იმ დღეს მარაკანაზე რამდენიმე სუიციდი დაფიქსირდა, თამაშის რადიოწამყვანმა არი ბაროზომ პროფესიას თავი დაანება და პენსიაზე გავიდა, განსაკუთრებით მძიმე ფასი გადაიხადა მეკარე მოისირ ბარბოსამ - სწორედ მას დაბრალდა გაშვებული გოლი. ათწლეულების მანძილზე, ბარბოსას გამო შავკანიანი მეკარე მარცხის ნიშნად მიიჩნეოდა. ბრაზილიურ საფეხბურთო სკოლაში მისულ შავკანიან ბავშვს ყველგან შეეძლო ეთამაშა კარის გარდა - არავის სურდა ბარბოსასნაირი ყოფილიყო. თანამედროვე ერაშიც კი ბრაზილიელ მეკარეთა უმეტესობა თეთრკანიანია - ედერსონის, ალისონის, ჟულიო სეზარის და ტაფარელის სახელები ამაში გვარწმუნებს. ამ თამაშის მარცხის სიმწარე დღემდე ცოცხალია. ამ თამაშს ბრაზილიურ ენაში სპეციალური სიტყვა - Maracanazo – „მარაკანას საშინელება“ მოუფიქრეს.

მოისირ ბარბოსა - ბრაზილიის ნაკრების მეკარე

ამ თამაშმა ბარბოსას მთელი ცხოვრება დაუნგრია, გამწარებულმა ბარბოსამ მოგვიანებით დაწვა იმ კარის ხის ძელი, რომელშიც გიჯას დარტყმა შევარდა. 2000 წელს, სიკვდილის წინ მან მწარედ აღიარა -„ბრაზილიაში მაქსიმალური სასჯელი 30 წლით პატიმრობაა, მე კი არაფერი დამიშავებია და 50 წელია ვიტანჯები.“ ბარბოსამ გაიხსენა, რომ Maracanazo-დან 50 წლის შემდეგაც კი მაღაზიაში ქალმა თავის ბავშვს ასაკოვან ბარბოსაზე მიუთითა და უთხრა: „ეს ის კაცია, ვინც ბრაზილიას ოცნება მოპარა.“

ბრაზილიას ახალი ფორმა სჭირდება

ამ დღეს ბრაზილია თეთრი ფორმით თამაშობდა. როგორც აღმოჩნდა, ბოლოჯერ. ბრაზილია სამ წელს გლოვობდა, 1953 წელს კი მარცხისმომტანი თეთრი ფორმა „არაპატრიოტულად“ მიიჩნიეს და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი ფორმის შექმნაზე კონკურსი გაზეთის მეშვეობით გამოაცხადეს. ახალი ფორმა ბრაზილიის დროშის ფერებში უნდა ყოფილი - მწვანე, ყვითელი, თეთრი და ლურჯი.

ალდირ შლეემ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა. იგი გაზეთისთვის ხატავდა, თუმცა ფეხბურთზე, რბილად რომ ვთქვათ, არ გიჟდებოდა - 1950 წელს იგი იშვიათი ბრაზილიელი იყო, რომელმაც ფინალის დღე ურუგვაიში, კინოში გაატარა.

შლეე კონკურსის პირობებმა ძალიან გააბრაზა - ოთხი ფერით ფორმის შექმნა მას ებევრებოდა, მით უმეტეს, რომ ეს ფერები ერთმანეთს არ უხდებოდა. როგორ გინდა, მწვანე, ლურჯი და ყვითელი ერთმანეთს შეურიო და ლამაზი ფორმა შექმნა!?

შლეემ 100-ზე მეტი ესკიზი შექმნა და ბოლოს გადაწყვიტა - შორტებისთვის თეთრი და ლურჯი შეეხამებინა, მაისურს კი ყვითელის და მწვანეს კომბინაცია მოუხდებოდა.

შლეეს მიერ შექმნილი ესკიზები

ყვითელი ბრაზილიის დროშაზე სიმდიდრის სიმბოლოა, მწვანე კი - ტყის. ბრაზილიის ნაკრების ყვითელი - ლაღი და ეგზოტიკური თამაშის სტილის სინონიმად იქცა. არცერთი სხვა დიდი გუნდი არ თამაშობს ოქროსფრად ყვითელ ფორმაში - ერთი შეხედვა და ბრაზილიის ნაკრებს ყველგან იცნობთ. ფეხბურთი ყველაზე მეტად განსაზღვრავს ბრაზილიელთა იდენტობას. მოთამაშეები ამ ფორმაში ოქროს მონუმენტებს ჰგავდნენ - იხსენებს ალდირ შლეე.

შლეეს ესკიზები

შლეემ კონკურსში გაიმარჯვა, მან 300-ს კონკურსანტს მოუგო, თუმცა ბრაზილიის ნაკრები მის საყვარელ გუნდად მაინც არ იქცა. გამარჯვებულ შლეეს ფულადი პრიზის გარდა უფლება მისცეს, რომ ნაკრებთან ერთად 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასულიყო - ერთი შეხედვით საოცნებო ტურნე შლეეს არ მოეწონა. ნაკრების ფეხბურთელები მისი თქმით - ნაძირლები, ლოთები და მექალთანეები იყვნენ.

ბრაზილიით გულგატეხილობა შლეეს შემდეგ წლებში მხოლოდ გაუღრმავდა. თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ბრაზილიურმა დიქტატურამ იგი სამჯერ დააპატიმრა, არ გაუშვა სასწავლებლად ჰოლანდიაში და აუკრძალა ნორმალურად მუშაობა.

ალდირ შლეე

უცნაურია, მაგრამ შლეე მთელი ცხოვრება ურუგვაის გულშემატკივრობდა. იგი ურუგვაის საზღვარზე დაიბადა და მისთვის ეს ქვეყანა უფრო ახლობელი აღმოჩნდა. სიკვდილის წინაც კი მის ავტომობილზე ურუგვაის დროშა იყო გამოხატული.

მის მიერ შექმნილი ოქროსფერი მაისური ისტორიაში დარჩა. თუმცა, ამ ფორმამ აღიარება უფრო გვიან მიიღო - 1954 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიამ ახალი ფორმით მეოთხედფინალი დათმო, 1958 წელს კი პელეს და გარინჩას გუნდმა ფინალში შვედებს სათადარიგო ლურჯი ფორმებით სძლია. ყვითელი ფერი მასპინძელი შვედების იყო და ლურჯი ფორმები ბრაზილიელებმა ფინალის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში სახელდახელოდ იყიდეს.

ბრაზილია 1958 წლის ფინალის წინ

ოქროსფერი ფორმის წარმატების ისტორია მხოლოდ 1962 წლიდან დაიწყო, დაიწყო და დღემდე ყველაზე წარმატებული ნაკრების სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები