Thumbnail
  • ხორვატია 2:1 საქართველო
  • გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (18), 1:1 კაშია (25-ავტოგოლი), 2:1 პერიშიჩი (53)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან გამართა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში შედგა. ორივე მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა გადაახალისა და ბევრ ისეთ მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებიც ეროვნული ნაკრების ძირითად თერთმეტეულში იშვიათად ხვდებიან. 

თამაში გახსნილი და სანახაობრივი გამოვიდა, მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდა დინამო ბათუმის შემტევ ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდში, აღსანიშნავია ოთარ კაკაბაძის გარღვევა და ზუსტი გადაცემა.

ჯიღაურის მომენტი

საქართველოს ნაკრები თამამად თამაშობდა, რაც მე-18 წუთზე გოლით დაფასდა, თავი კი გიორგი პაპუნაშვილმა გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების შემტევს იდეალური დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა მეკარე შეცდა და ბურთი კარში აღმოჩნდა.

0:1 პაპუნაშვილი (18)

სამწუხაროდ, ხორვატებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში, გოლი კი საკუთარ კარში გურამ კაშიამ გაიტანა. მასპინძელთა სასარგებლოდ სტანდარტული დაინიშნა, საჯარიმოში ჩაწოდების შემდე კი ბურთს მიმართულება კაშიამ შეუცვალა. 

1:1 კაშია (25-ავტოგოლი)

მალევე, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უსიამოვნება შეემთხვა. ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ჯაბა ჯიღაურმა დაიწია, გარემარბის პოზიცია კი ლევან შენგელიამ დაიკავა.

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა გოლი მასპინძლებმა შეაგდეს. ხორვატებმა მარჯვენა ფრთიდან განავითარეს შეტევა, საჯარიმოში ჩაწიდებას კი ივან პერიშიჩის ზუსტი თავური მოჰყვა. 

2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატებს მალევე შეეძლოთ მესამე გოლის გატანა, როდესაც ივან პერიშიჩმა ახლო მანძილიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი კი ძელს მოხვდა. მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი ახლოს იყო დუბლის შესრულებასთან. ზოგადად, მეორე ტაიმში მასპინძლები უკეთ თამაშობდნენ და მთლიანობაში, აკონტროლებდნენ მოედანზე ვითარებას.

პერიშიჩის მომენტი

ბოლო წუთებში ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად შეუტიეს, ოთარ კიტეიშვილს კი გატანის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც მისი ძლიერი დარტყის შემდეგ, ბურთი მცველს მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა წელი ხორვატიაში მარცხით დაასრულა, ქართველი გულშემატკივრები კი აქედანვე ერთა ლიგის პლეი ოფის მოლოდინში არიან. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი აშორებს, პირველი კი ბელარუსთან გასამართი ნახევარფინალია, რომელიც 26 მარტს შედგება.

ხორვატია 2:1 საქართველო

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (18), 1:1 კაშია (25-ავტოგოლი), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი (46. სლუგა) - ბარტოლეცი (46. იურანოვიჩი), იედვაი (46. ცალეტა), შკორიჩი, მელნიაკი - პაშალიჩი (75. პერიჩი - 80. ბარისიჩი), ბადელი - რებიჩი, კოვაჩიჩი (65. ვლასიჩი), პერიშიჩი - ორშიჩი (46. ორსიჩი).

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე (39. შენგელია), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი - აბურჯანია, გვილია (83. ქვილითაია) - პაპუნაშვილი (65. კიტეიშვილი), ყაზაიშვილი (87. ხარაიშვილი), ჯიღაური - ლობჯანიძე (51. არაბული).

კომენტარები

ბოლო ამბები