Thumbnail

'სუმოდან წასვლაზე არ ვფიქრობ' - გაგამარუ მესამე დივიზიონში გავარდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გაგამარუ სეკიტორის სტატუსს კარგავს
  • 14 წლის განმავლობაში ქართველ სუმოისტს ერთი ბრძოლაც არ გამოუტოვებია

კიუშუს ბაშო წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი), რომელმაც მორიგი ტრავმა მიიღო და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ვინ ჩივის, მომავალ ბაშოზე რიგითი მაეგაშირობა "დაიბევა". მიმდინარე ბაშო ასევე უკიდურესად ცუდი გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ)...

ფუკუოკაში 32 წლის ქართველი სუმოისტი ტრავმის მიუხედავად, ჭიდაობს, მაგრამ ძალა არ ერჩის და იოლად მარცხდება. ქართველ გოლიათს 1-9 ბალანსი აქვს და დარჩენილი ხუთი ბრძოლაც რომ მოიგოს, მაინც გავარდება ელიტის მეორე დივიზიონ ჯურიოდან. 

გაგამარუს მე-9 მარცხი კიუშუს ბაშოზე

გაგამარუს მუხლებში სითხე უდგება და მხოლოდ ნემსებით ამოტუმბვის წყალობით (ერთ ჯერზე მაქსიმუმ 280 მილილიტრი) აგრძელებს ბრძოლას. "ეს საშინელებაა - თითქოს, ფეხები შენი არ არის, ტკივილი ცალკე გაუსაძლისია", - ამბობს ქართველი სუმოისტი nikkansports.com-თან საუბარში. სექტემბრის ბაშოდან მოყოლებული მას 3 ლიტრამდე სითხე ამოუღეს მუხლებიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თეიმურაზი ნამდვილი მებრძოლი და ის დანებებას არ აპირებს: "ვფიქრობ, შევძლებ გავუმკლავდე ტრავმებს, ჯერ კიდევ მაქვს სუმოს ძალა. სუმოდან წასვლაზე არ ვფიქრობ". 

გაგამარუ სეკიტორის (ელიტის რიკიში) სტატუსსს დაკარგავს და მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება, სადაც სუმოისტებს ხელფასი არ აქვთ. გაგამარუს დებიუტი პროფესიულ სუმოში ზუსტად 14 წლის წინ შედგა - 2005 წლის კიუშუ ბაშოზე. 2010 წელს გაგამარუ უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში გადავიდა, ხოლო 2012 წლის მარტში ერთ ბაშოზე კომუსუბის რანგშიც იჭიდავა.

მის ანგარიშზე უმაღლესში ერთი ვიცე-ჩემპიონობაა (2012 წლის იანვრის ბაშოზე 15-დან 12 ორთაბრძოლა მოიგო). მან 2-ჯერ მოიპოვა მებრძოლი სულის პრიზი, ერთხელ კი "ოქროს ვარსკვლავი". მოგებული აქვს ჯურიოს, მაკუშიტას და ჯონოკუჩის დივიზიონები. და ერთი მიღწევაც - მიუხედავად, მრავალი ტრავმის თითქმის 200-კილოიან სუმოისტს ერთი ბრძოლაც კი არ გამოუტოვებია, ის ბოლომდე იბრძვის - 84 ბაშოსა და 1048 ორთაბრძოლის განმავლობაში ასე გრძელდება და ეს უდავოდ, დასაფასებელია. 

იანვრის ბაშოზე გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონში იქნება, სადაც 7 ორთაბრძოლას გამართავს (ელიტისგან განსხვავებით დაბალ დივიზიონებში სუმოისტები 7-7 ორთაბრძოლას მართავენ) და ჯურიოში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. 

ტაკაიასუმ ტოჩინოშინის ბედი გაიზიარა

კიუშუს ბაშოს კიდევ ერთი რიკიში ჩაეხსნა - ოძეკი ტაკაიასუ, რომელიც ჩემპიონის რანგს დაკარგავს და იანვრის ბაშოზე სეკივაკეს სტატუსით იჭიდავებს. იანვარში მას 10 და მეტი მოგება სჭირდება ტიტულის დასაბრუნებლად.

ბაშოზე ჰაკუჰო ლიდერობს

წლის უკანასკნელ ბაშოზე 2/3 გაილია - დიდ ჩემპიონი ჰაკუჰო 9-1 ბალანსით ერთპიროვნული ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები