Thumbnail

ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება

  • ესპანეთის ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე 49 წლის სპეციალისტი გაიყვანს
  • ლუის ენრიკეს ნაკრებში დაბრუნების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა
  • რობერტ მორენომ ეს ამბავი რომ შეიტყო, ჟურნალისტებთან შეხვედრას თავი აარიდა 

ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ოფიციალურად დაადასტურა.

"მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ სიმართლე. დღეს შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლუის ენრიკე ნაკრებში ბრუნდება. 19 ივნისს რობერტ მორენო გავიცანით, იმ დღეს ჩვენ მოვაწერეთ მასთან კონტრაქტს ხელი, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ თუკი ლუის ენრიკე დაბრუნებას შეძლებდა, ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებდა. ამ შემთხვევაში, თავს მოტყუებულად ვერავინ იგრძნობს", - თქვა რუბიალესმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკე რობერტ მორენოს ცვლის

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ლუის ენრიკემ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თამადებობა თავისი 9 წლის ქალიშვილის ავადმყოფობის გამო, გასულ ზაფხულს დატოვა. ნაკრებში ენრიკე მისმა ასისტენტმა, რობერტ მორენომ შეცვალა, გოგონა კი, რომელიც ძვლის სიმსივნით იყო ავად, აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა.

მეტი ამ თემაზე: ტრაგედია ესპანეთში - ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაეცვალა

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება, საკვალიფიკაციო F ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა. მორენომ ადრევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა, დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ლუის ენრიკეს პოსტი დაუთმოს. 

მეტი ამ თემაზე: მორენო მზადაა, წავიდეს! დაბრუნდება ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში?

ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი ავადმყოფობას 5 თვე ებრძოდა

მედიაში დაიწერა, რომ რობერტ მორენომ თანამდებობიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ რუმინეთთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩის (5:0) დაწყებამდე შეიტყო. 42 წლის სპეციალისტი თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, დაემშვიდობა ფეხბურთელებს და არენა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრას თავი აარიდა.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის 9 ივლისიდან, ამ წლის 19 ივნისამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "ფურია როხამ" ჯამში 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო და 2 დათმო. 

ენრიკეს ესპანეთის ნაკრების ჩაბარებამდე, რომაში, სელტასა და ბარსელონაში უმუშავია. სპეციალისტმა კატალონიურ გრანდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ (2015, 2016), ესპანეთის თასი სამჯერ (2015, 2016, 2017), ჩემპიონთა ლიგა (2015), უეფას სუპერთასი (2015) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015) მოიგო. 2015 წელს ის ფიფას ვერსიით წლის მწვრთნელად დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები