Thumbnail
  • დევიდ ბექჰემს MLS-ში ამბიციური გეგმები აქვს
  • მისი მიზანია, რომ ინტერ მაიამი გრანდი გახდეს
  • ინგლისელი რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელს და ტოპ-მწვრთნელს ეპატიჟება

MLS-ის მომდევნო სეზონში თამაშს დევიდ ბექჰემის კლუბი, ინტერ მაიამი დაიწყებს. ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დიდი გეგმები აქვს - ბექზს სურს, რომ მისი კლუბი MLS-ის გრანდი გახდეს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ბექჰემი არაერთი ტოპ-ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება. მას მთავარ მწვრთნელადაც გამოცდილი ტოპ-სპეციალისტი სურს - როგორც ირკვევა, ბექზი კარლო ანჩელოტის უმიზნებს. ფეხბურთელებიდან კი, სასურველი მოთამაშეების სიაში პირველ ადგილზე რეალ მადრიდის კოლუმბიელი ვარსკვლავი ხამეს როდრიგესია.

AS წერს, რომ ნაპოლის მწვრთნელისა და რეალის შემტევის გარდა, ინტერ მაიამი ისეთი ვარსკვლავების გადაბირებას ცდილობს, როგორებიც რადამელ ფალკაო და მარიო მანჯუკიჩი არიან.

ანჩელოტის ბექჰემი პარი სენ-ჟერმენში თამაშის პერიოდიდან (2012/2013) იცნობს. თუ იტალიელის დათანხმებას ვერ შეძლებს, ინგლისელი წინადადებებით დევიდ მოიესს და ჯენარო გატუზოს მიმართავს.

“თუ ევროპიდან ვარსკვლავებს ჩამოვიყვან, მხოლოდ ისეთებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოტივირებულები არიან, რომ ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშონ. არ მსურს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობენ და პენსიაზე გასვლამდე უბრალოდ გართობა სურთ,” - ეს სწორედ 44 წლის ბექჰემის სიტყვებია.

მარიო მანჯუკიჩს იუვენტუსში აღარ ათამაშებენ. მას დორტმუნდიც ეპატიჟება

ბექზის ინტერ მაიამი თავის პირველ ოფიციალურ მატჩს 2020 წლის 14 მარტს ჩაატარებს და პირველივე შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფილ კლუბ ლოს ანჯელეს გელექსის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 2007-დან 2012 წლამდე თვითონ დევიდ ბექჰემიც გელექსიში თამაშობდა.

გარდა ამისა, ბექჰემი ინტერ მაიამისთვის საკუთარი სტადიონის აშენებას გეგმავს. Miami Freedom Park-ის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. სტადიონის ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები