Thumbnail
  • U21. სლოვაკეთი 3:2 საქართველო
  • ცეცაძის გუნდს ხუთ მატჩში ექვსი ქულა შერჩა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ლიხტენშტეინთან (4:0) და აზერბაიჯანთან (3:0) მოგებებით გახსნა, რასაც გასვლით მატჩებში ზედიზედ 3 მარცხი მოჰყვა: შვეიცარიასთან (1:2), საფრანგეთთან (2:3) და დღეს, სლოვაკეთთან (2:3).

ნიტრაში გამართული მატჩი სკანდალური გამოდგა: ალბანელმა რეფერი ელდორიან ჰამიტიმ უხეშობაში გადაზრდილ თამაშში გუნდებს თითო ფეხბურთელი გაუძევა, ბოლოსკენ კი, მეტოქეთა სათადარიგოთა სკამის წარმომადგენლები ერთმანეთს წაეკიდნენ, იყო გინება და გაწევ-გამოწევა, მსაჯმა კი წითელი ბარათი კიდევ 3-ჯერ ამოიღო. გაძევებულთა შორის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეც გახლდათ, რომელმაც აღნიშნულის შემდეგ, არბიტრის მიმართ გადააფურთხა და სავარაუდოა, რომ სერიოზულ სასჯელს ვერ გადაურჩება...

📺 ცეცაძის გაძევება (94)

21-წლამდელთა გუნდმა ნიტრაში ეროვნული ნაკრებიდან შემატებული ზურიკო დავითაშვილიც დაიხმარა და თითქოს, შეტევაში კიდევ რაღაც იქმნებოდა, თუმცა, დაცვითი ხაზის ქმედებაში უამრავი ხარვეზი შეინიშნებოდა. აღნიშნულის გამო ვერც წითელ ბარათს გადავურჩით, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტიც აღმოჩნდა.

ქართველ ფეხბურთელებს გოლის გატანის შანსი თამაშის დასაწყისშივე ჰქონდათ, როდესაც გოლკიპერთან პირისპირ გიორგი კოხრეიძე დარჩა, თუმცა, დარტყმა დაუგვიანდა და მცველმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხა.

ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი კუციამ გახსნა, რომელმაც მეტოქის შეტევა ჩაჭრა, ბურთი ნიკოლოზ მალისთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა სლოვაკთა გოლკიპერ დავიდ სიპოსს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

📺 0:1 კუცია (8)

სლოვაკებმა წონასწორობა ოციოდ წუთში აღადგინეს, რაც საქართველოს ნაკრების მცველთა პოზიციურ შეცდომას მოჰყვა. სლოვაკებმა მარცხენა ფლანგზე ბურთი იოლად გაათამაშეს და ახლო მანძილიდან დაუცველ კარში ბურთი პეტერ კოლეშარმა შეაგდო.

📺 1:1 კოლეშარი (28)

ქართველთა მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა მას შემდეგ, რაც ლუკა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 15-წუთიან მონაკვეთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოთ წუთით ადრე, კანაკლულები დავრჩით.

📺 ლოჩოშვილის გაძევება (40)

რიცხობრივმა უპირატესობამ თავი მალევე იჩინა. შეხვედრის 52-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანი კრისტიან ჰერცი საქართველოს ნაკრების საჯარიმოს დაუბრკოლებლად მიუახლოვდა და 25 მეტრიდან ლუკა გუგეშაშვილს აუღებელი დაურტყა.

📺 2:1 ჰერცი (52)

ცეცაძემ მატჩში ცვლილებების შეტანა ერთდროულად განხორციელებული 4 ცვლილებით სცადა, თუმცა, ელემენტარული შეცდომები სტუმრებს გასაქანს არ აძლევდა. 66-ე წუთზე ბურთის ხეირიანად ამოტანა სილაგაძემ ვერ მოახერხა, გუგეშაშვილმაც ვერ იყოჩაღა და მარტინ გამბოშმა ახლო კუთხეში გაიტანა - 3:1.

📺 3:1 გამბოში (66)

მატჩის 83-ე წუთზე მსაჯმა სლოვაკთა ცენტრალურ ნახევარმცველ პეტერ პოკორნის მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდორზე თანაფარდობა აღდგა. ამან ქართველებს შეტევაში უფრო თამამად წასვლის საშუალება მისცა, რასაც ბუღრიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, იქვე კი, კუთხურიდან ბურთს ფეხი სპანდერაშვილმა დაუხვედრა და ჩამორჩენა შეამცირა.

📺 3:2 სპანდერაშვილი (89)

დარჩენილ წუთებში ქართველებმა მაგრად შეუტიეს და ნინუას საფირმო 'გასროლა' სლოვაკთა მეკარემ მოიგერია, კუციას თავური კი, მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს. შემდეგ იყო ლამის გუნდური ჩხუბი და თამაშს დამატებული 8 წუთი, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველებმა მორიგი მარცხი განიცადეს.

ამგვარად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხუთ მატჩში 6 ქულა შერჩა და მე-2 შესარჩევი ჯგუფების ლიდერებს - საფრანგეთს და შვეიცარიას სამ-სამი ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს ხვალ ნოიშატელში დაუპირისპირდებიან, ქართველ ფეხბურთელებს კი მომდევნო მატჩი, გაისად, 26 მარტს, შინ, ისევ სლოვაკეთთან ელის. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ასევე 6 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოგვრჩება.

U21 სლოვაკეთი - საქართველო 3:2

გოლები: 0:1 კუცია (8'), 1:1 კოლესარი (28'), 2:1 ჰერცი (52'), 3:1 გამბოსი (66), 3:2 სპანდერაშვილი (89')

U21 საქართველო (3-4-3): გუგეშაშვილი - ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - მალი (სპანდერაშვილი 59'), კუცია, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), ტაბატაძე - კვარაცხელია (სილაგაძე 43'), კოხრეიძე (ქავთარაძე 59'), დავითაშვილი (ბუღრიძე 59).

კომენტარები

ბოლო ამბები