Thumbnail

'ყველამ იცის, როგორ არ მიყვარს შეცვლა' - რონალდომ ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში თანაგუნდელების ვახშამზე მიწვევას აპირებს
  • 34 წლის ფორვარდი მილანთან მატჩში თავისი ქცევის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს
  • პორტუგალიელმა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა  

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელ ლიდერს კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელების მიწვევა ვახშამზე სურს, სადაც თავისი ქცევის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა თავდამსმელი უკმაყოფილო დარჩა სერია A-ს მე-12 ტურში, მილანთან მატჩში მისი შეცვლის გამო. მაურიციო სარიმ კრიშტიანო მოედნიდან 55-ე წუთზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი ჯერ მწვრთნელს არ ჩამოართვა ხელი, შემდეგ კი სტადიონი იქამდე დატოვა, სანამ თამაში დასრულდებოდა. 

შეცვლის შემდეგ უკმაყოფილო რონალდო გასახდელში წავიდა

ასეთი საქციელის გამო რონალდო თავად მაურიციო სარიმ არ გაამტყუნა, თუმცა დაიწერა, რომ იუვენტუსის ფეხბურთელები პორტუგალიელით ნაწყენები დარჩნენ. კრიშტიანო მაშინვე გააკრიტიკეს ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ანტონიო კასანომ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, რომელიც ამჟამად პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, იუვენტუსში თანაგუნდელების ვახშამზე მიპატიჟებას და მათთვის ბოდიშის მოხდას ატალანტასთან თამაშამდე აპირებს. 

მანამდე კი 34 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა მისი შეცვლის თემაზე მედიასთან კომენტარიც გააკეთა. მილანთან თამაშამდე, სარიმ კრიშტიანო მოედნიდან ნაადრევად ჩემპიონთა ლიგაში, მოსკოვოს ლოკომოტივთან მატჩშის დროსაც გაიყვანა.

რონალდო ლოკომოტივთან შეცვლის შემდეგ

"ბოლო სამი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად დატვირთვას ვერ ვახერხებდი. ყველამ იცის, როგორ არ მიყვარს, როდესაც მცვლიან, მაგრამ ცვლილებების შემდეგ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რაც პრობლემებს გამოიწვევდა. ვთამაშობდი ტრავმირებული და ვცდილობდი იუვენტუსის დახმარებას. არავის უყვარს, როდესაც ცვლიან, მაგრამ გაგებით ვეკიდები სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას იმ ორ მატჩში. მე არ ვიყავი ასი პროცენტით მზად", - ამბობს კრიშტიანო. 

კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 14 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

ტურინის იუვენტუსი, რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილს 12 ტურის შემდეგ 32 ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურის მატჩს სარის გუნდი 23 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოში ატალანტასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები