Thumbnail

'როგორც ყველი სპაგეტიზე' - მაცონე ბაჯოს სენსაციურ ტრანსფერს იხსენებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მაცონემ გაიხსენა, თუ როგორ მოახერხა ბრეშამ ბაჯოს ტრანსფერი
  • ბაჯოს რამდენიმე მწვრთნელი გადაეკიდა და ცუდი რეპუტაცია შეუქმნეს
  • ის მარტო ვარჯიშობდა და არცერთ დიდ გუნდს აღარ სჭირდებოდა

კარლო მაცონე იტალიაში ლეგენდარული კაცია - სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პროვინციულ ბრეშაში თამაში გადაწყვიტეს რობერტო ბაჯომ და პეპ გვარდიოლამ. მანვე მოუფიქრა პირლოს მისი პოზიცია - გამთამაშებელი მცველების წინ.

მაცონე, ბაჯო და გვარდიოლა

მაცონემ ცოტა ხნის წინ გაიხსენა, თუ როგორ მოახერხა ბრეშამ რობერტო ბაჯოს, თავისი თაობის უდიდესი იტალიელი ფეხბურთელის გადაყვანა. ბაჯო ინტერიდან მიდიოდა, იუვედან და მილანიდან უკვე წამოსული იყო და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ იგი კარიერის მიწურულს არცერთ დიდ იტალიურ კლუბს აღარ სჭირდებოდა.

კარლო მაცონე: "ერთ დღესაც გაზეთი გადავშალე და ეწერა, რომ რეჯინას ბაჯოსთან მოლაპარაკება ჰქონდა. მე ჩვენ საერთო მეგობარს დავურეკე და ვკითხე, მანაც დაადასტურა, რომ ეს მართალი იყო, თუმცა მითხრა, რომ ბაჯოს თავისი ოჯახიდან ასე შორს წასვლა არ უნდოდა (რეჯინა იტალიის სამხრეთში მდებარეობს, რეჯიო დი კალაბრიაში, ბაჯოს ოჯახი კი ჩრდილოეთიდან არის).

ბაჯოს დავურეკე და ვკითხე, ბრეშაში გადმოსვლა ხომ არ სურდა. როცა ის დამთანხმდა, მაშინვე მანქანაში ჩავჯექი და ბრეშას პრეზიდენტ ჯინო კორიონისთან მივედი, რათა ის დამერწმუნებინა."

"კორიონიმ მომისმინა, ერთი წამი დაფიქრდა და შემდეგ თქვა: "ბაჯო ისეა, როგორ ყველი სპაგეტიზე".

ბაჯო მაშინ თავის მშობლიურ ქალაქ კალდონიოში მარტო, თავის პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდა. მან მითხრა: "მე ბურთით ჩემს მწვრთნელს ვატყუებ ხოლმე, სხვა არაფერი დამრჩენია, წინ რომ ვიყურები, მხოლოდ უდაბნოა..."

მაცონე და ბაჯო

"იტალიაში ბაჯოზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო გადაკიდებული - მათ ბაჯოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნეს, თითქოს მისი ფეხბურთი უკვე დამთავრებული იყო, ამიტომაც რობი მარტო დარჩა. მას მართლაც ჰქონდა მუხლის პრობლემები, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ის ვარჯიშზე ყოველთვის ერთი საათით ადრე მოდიოდა, რათა ფიზიოთერაპია გაეკეთებინა, მუხლი გაემაგრებინა და ყველაზე გვიან მიდიოდა.

მინდა ვთქვა, რომ მასთან ურთიერთობა ისეთივე მარტივი იყო, როგორც პარკში სეირნობა - ყოველთვის მშვიდი, თავმდაბალი, ზრდილობიანი. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი კაცი."

კომენტარები

ბოლო ამბები