Thumbnail
  • 📅 19 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ ხორვატია V საქართველო
  • ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებიდან გათავისუფლება ითხოვა
  • 34 წლის ნახევარმცველისთვის ახლა რეალი უფრო მნიშვნელოვანია

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს სტუმრად ხორვატიასთან ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს 19 ნოემბერს, ქალაქ პულაში ამხანაგურად დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან შერკინებისთვის ემზადება

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს მასპინძელთა კაპიტანი ლუკა მოდრიჩი. მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ნებართვა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, ზლატკო დალიჩისგან უკვე აიღო და კლუბში დაბრუნდება. 

ზლატკო დალიჩმა რეალის ნახევარმცველს წინააღმდეგობა არ გაუწია

ხორვატიის ნაკრებმა 11 ნოემბერს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში შინ სლოვაკებს ანგარიშით 3:1 მოუგეს, E ჯგუფში პირველი ადგილი და კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე თამაშიც გაინაღდეს. ხორვატებს მოდრიჩის დახმარება აღარ სჭირდებათ და ზლატკო დალიჩმაც ფეხბურთელს რეალში დაბრუნების საშუალება უპრობლემოდ მისცა.

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში გასული 12 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ბარსელონასთან ერთად ლიდერობს. მომდევნო მატჩს ზიდანის გუნდი 23 ნოემბერს, შინ რეალ სოსიედადთან ჩაატარებს. 26-ში კი მადრიდელებს უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩი უწევთ პარი სენ-ჟერმენთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები