Thumbnail

ლივერპულმა კლოპს ბრენდან როჯერსის სახლი უყიდა - ორი მწვრთნელის ერთი სახლი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კლოპი ლივერპულში ჯერარდის და როჯერსის ყოფილ სახლში ცხოვრობს
  • ქირას იგი ბრენდან როჯერსს უხდიდა და ამის შესახებ ბევრს ხუმრობდნენ
  • ლივერპულმა კლოპისთვის სახლი გამოისყიდა

იურგენ კლოპი ლივერპულის შემოგარენში, ფორმბში ცხოვრობს - ეს მერსისაიდში ერთ-ერთი ყველაზე ელიტური რაიონია, ქალაქგარეთ, სიმწვანეში, სულ 30 წუთის გზა მელვუდის ბაზამდე.

კლოპის სახლის ზედხედი

ეს სახლი ჯერ კიდევ სტივენ ჯერარდმა აიშენა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2014 წელს, კარიერის დასასრულებლად ლოს ანჯელეს გალაქსიში გადავიდა, ამ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. სახლი ლივერპულის მაშინდელმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 3 მილიონ ფუნტად იყიდა, თუმცა 2015 წელს მასაც მოუწია გუნდიდან წასვლა.

იურგენ კლოპს ლივერპულში გადმოსვლის შემდეგ, სწორედ ეს სახლი მოეწონა და იგი მას როჯერსისგან ქირაობდა. ამ თემის შესახებ მწვრთნელები ხშირად და ბევრს ხუმრობდნენ:

კლოპი როჯერსის სელტიკთან მატჩის წინ: "კარგია, რომ ლივერპულში გადმოსვლის შემდეგ ჩემი სახლის მფლობელს პირველად შევხვდები, აუზთან დაკავშირებით რაღაცები უნდა განვიხილოთ".

როჯერსი კლოპზე: "მინდა, რომ კლოპი ენფილდზე დიდი ხანი დარჩეს, ის კარგ ქირას მიხდის".

კლოპი როჯერსის პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ: "კარგია, რომ ის ევერტონში არ გადმოვიდა, თორემ ამ სახლის დაბრუნება მომიწევდა. ლესტერი ლივერპულიდან შორს არის. მე მას კარგ ქირას ვუხდი, შეუძლია საერთოდ არც იმუშაოს".

სახლში, რომელშიც ლივერპულის ორ მწვრთნელსა და მის ყოფილ კაპიტანს უცხოვრია,  7 საძინებელი, აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი, ბავშვების მოედანი, კინოთეატრი და მინი-გოლფის მოედანია.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ სახლში როჯერსის პორტრეტი ეკიდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოპს ის დაეტოვებინა.

როჯერსის პორტრეტი კლოპის ახლანდელ სახლში

ლივერპულმა როჯერსისგან სახლის ყიდვა გადაწყვიტა და სულ რამდენიმე დღის წინ ის 3,75 მილიონ ფუნტად შეიძინა. ამრიგად, როჯერსი მოგებაში დარჩა - მან სახლი უფრო ძვირად გაყიდა, ვიდრე იყიდა. მოგებულია კლოპიც -კლუბის გადაწყვეტილებით, სანამ გერმანელი ლივერპულში იმუშავებს, ის ქირას აღარ გადაიხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები