Thumbnail
  • პოზიციურ შეტევაში სისტემური პრობლემა გვაქვს
  • ბურთის ფლობის დარტყმებად და მომენტებად გარდაქმნა არ გამოდის
  • სტაბილური დაცვა ამ შესარჩევის მთავარი პოზიტივია
  • ვაისის ხელში ზრდის პერპექტივა არ ჩანს, თუმცა მისი შეცვლაც რთულია

სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი დაასრულა - ციკლი, რომელსაც ერთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობის შემდეგ უნდა ეჩვენებინა, რეალურად რა ძალაა საქართველოს ნაკრები.

ამ ციკლს სხვა ფუნქციაც ჰქონდა - გულშემატკივარი მას დიდწილად მოახლოებული ერთა ლიგის პლეი ოფის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდა. პოპსპორტმა ანალიტიკურ სტატიაში მთელი ციკლი შეაჯამა - ამ სტატიაში წაიკითხავთ საქართველოს ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეების, სათამაშო სტილის, ტაქტიკის და იმ პრობლემების შესახებ, რაც ეროვნულ გუნდს აქვს.

საქართველო ევრო 2020-ს  შესარჩევში

ორი სხვადასხვა გუნდი

ციკლის შეჯამებას საქართველოს ნაკრების შედეგების მოკლე ანალიზით დავიწყებთ. 8 თამაშში დაგროვებული 8 ქულით საქართველოს ნაკრები ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და მხოლოდ გიბრალტარს გადაასწრო. იმ ჯგუფში, სადაც ჩვენი და გიბრალტარის გარდა, სამი საშუალო (ირლანდია), თუ საშუალოზე მაღალი (დანია, შვეიცარია) ევროპული კლასის გუნდი თამაშობდა, ეს შედეგი სამწუხაროდ, ალბათ პროგნოზირებადი იყო.

თამაშის ხარისხს რაც შეეხება, ეროვნული გუნდი სახლში და გასვლაზე ორი სხვადასხვა გუნდი იყო. საშინაო სარბიელზე ნაკრები კონკურენტულად გამოიყურებოდა, მხოლოდ ერთი თამაში დათმო, შვეიცარიასთან და ორ, საკმაოდ თანაბარ ფრეს მიაღწია ირლანდიასა და დანიასთან. ეს ტენდენცია წინა შესარჩევ ციკლებშიც მეორდებოდა - საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა დასამახსოვრებელი შეხვედრა სწორედ საშინაო სარბიელს უკავშირდება.

საქართველოს ნაკრები სახლში და გასვლაზე

გასვლაზე თამაში კი საქართველოს ნაკრებს არასოდეს უყვარდა და ეხერხებოდა. ასე იყო ამ შესარჩევ ციკლშიც. ძალიან სუსტ გიბრალტარზე არაფერს ვიტყვი - სამმა დანარჩენმა მეტოქემ კი სტუმრად მოგვიგო, თანაც ისე, რომ, თუ შვეიცარიასთან ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, დანარჩენ ორ თამაშში (დანია 5:1; ირლანდია 1:0) ნაკრებმა თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა.

კარგი ის არის, რომ ბელარუსთან გადამწყვეტი შეხვედრა სწორედ თბილისში გვაქვს და იმედია, გავალთ და ასევე თბილისში ვითამაშებთ ერთა ლიგის ფინალსაც - როგორც აღვნიშნე, საქართველოს ნაკრები თბილისში ბევრად უკეთესი გუნდია.

ვაისის მთავარი პრობლემა

საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა ამ შესარჩევ ციკლში შემტევი თამაშის ორგანიზებას უკავშირდებოდა. ამას ძალიან მარტივი სტატისტიკაც გვეუბნება - თუ არ ჩავთვლით გიბრალტართან გატანილ 6 გოლს, დანარჩენ 6 შეხვედრაში ნაკრებმა მხოლოდ 1 გოლი შეაგდო - დანიასთან გასვლაზე წაგებულ შეხვედრაში.

ლობჟანიძის გოლი დანიასთან

ეს ძალიან ცუდი სტატისტიკაა. მგონია, რომ ეს მარტივი სტატისტიკა ყველაზე მარტივად გვეუბნება ვაისის ხელში ნაკრებს რა პრობლემა აქვს. ამ 6 შეხვედრაში ეროვნული გუნდი უშანსოდ მხოლოდ ერთხელ, დანიასთან დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი კონკურენტულად გამოიყურებოდა - საშინაო ფრე დანიასთან და ირლანდიასთან, ბოლო წუთებამდე ბრძოლა გასვლაზე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან, ანუ მეტოქეებს ჩვენთან იმ მასშტაბის ტოტალური უპირატესობა სრულიადაც არ ჰქონიათ, რომ ამ 6 შეხვედრაში მათთან მხოლოდ 1 გოლი გაგვეტანა.

მეტიც, ბურთის ფლობა გვეუბნება, რომ ნაკრები ამ გუნდებს ხშირად ტერიტორიული უპირატესობის, თუ ბურთის ფლობის მაჩვენებლების მიხედვით თანაბრად ეთამაშებოდა - ამ 6 შეხვედრაში (ისევ და ისევ გიბრალტარის უსუსტეს ნაკრებთან მატჩებს ანალიზის მიღმა ვტოვებ) ვაისის გუნდი ბურთს 46.1% ფლობდა - ეს თითქმის თანაბარ ფლობაზე მეტყველებს - იმ ფონზე, როდესაც ბურთი ასე გვეჭირა 6 თამაშში, მხოლოდ 1 გოლის გატანა უცნაურიც კია.

ერთი დეტალი შედარებისთვის: ჩვენმა მეტოქე ბელარუსმა ამ შაბათს გერმანიასთან უშანსოდ წააგო (0:4), ბურთი მხოლოდ 34 პროცენტი ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარში 4-ჯერ დაარტყა - საქართველოს ნაკრებს ბურთის უფრო მეტი ფლობის ფონზე, უფრო სუსტ მეტოქეებთან, ბევრად უფრო თანაბარ თამაშში ორ თამაშზე მეტი (დაახლოებით 220 წუთი) სჭირდება 4 დარტყმის შესასრულებლად.

 6 თამაში: ბურთის ფლობის, განხორციელებული და მიღებული დარტყმების სტატისტიკა

შენიშვნა: სტატისტიკა ეყრდნობა მხოლოდ ირლანდიასთან, დანიასთან და შვეიცარიასთან მატჩების შედეგებს და არ ითვალისწინებს გიბრალტართან შეხვედრების მონაცემებს.

სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ ეს 1 გოლი ლოგიკური შედეგია - ნაკრები ამ 6 შეხვედრაში საშუალოდ თამაშში მხოლოდ 1.7-ჯერ არტყამდა მეტოქის კარში - ნებისმიერი დამწყები მწვრთნელი დამიდასტურებს, რომ იმ ფონზე, როდესაც გუნდი ბურთს სათამაშო დროის 46 პროცენტი ფლობს, 1.7 დარტყმა მეტოქის კარში ანომალიური მაჩვენებელია - აქ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. 1.7 დარტყმა მხოლოდ იმ ტიპის აუტსაიდერს შეიძლება ჰქონდეს, რომელიც მთელ თამაშს მხოლოდ თავის საჯარიმოში ატარებს და ბურთი, ფაქტობრივად, არ აქვს (პროცენტული მაჩვენებელი 25-30 პროცენტი).

6 თამაშში ზუსტი პასების მაჩვენებელი

ვაისის ხელში ნაკრებს ძალიან უჭირს პოზიციური შეტევა, უფრო მეტიც, როდესაც მეტოქის ნახევარზე დიდი ძალებით გადავდივართ, მოთამაშეებს არ აქვთ იდეა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა შეუტიონ და ბურთის ფლობა როგორ უნდა გარდაქმნან დარტყმებად და მომენტებად - ჩვეულებრივ, ნაკრების პოზიციური შეტევა სტანდარტული ჩაწოდებით სრულდება ხოლმე. ეს (მხოლოდ) ფეხბურთელების ბრალი არ არის, პოზიციური შემტევი თამაში მწვრთნელმა უნდა დაალაგოს. მით უმეტეს, როდესაც ეს გუნდი უკვე მეორე შესარჩევი ციკლია, მის ხელში თამაშობს და მას საკმარისი დრო ჰქონდა შეტევაში პოზიციური თამაშის ასაწყობად და მოთამაშეების კლასის მხრივ შემტევი ხაზი დანარჩენ რგოლებს არ ჩამოუვარდება.

თუ კონტრშეტევებს არ ჩავთლით (შვეიცარიასთან გასვლით შეხვედარში კონტრშეტევებმა კარგად იმუშავა), ვაისის გუნდი პოზიციური შეტევის დროს მხოლოდ ნაკრების რომელიმე შემტევის (ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, შენგელია ა.შ.) ინდივიდუალური ოსტატობის, მათი ტექნიკის და დრიბლინგის, იმედად არის.

კარგი კონტრშეტევა და ქვილითაიას მომენტი შვეიცარიასთან

ის, რაც ერთა ლიგის დონეზე ასე კარგად გამოსდიოდა გიორგი ჩაკვეტაძეს (ანუ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მომენტების და გოლების შექმნა) დანიის და შვეიცარიის კალიბრის გუნდებთან, ბუნებრივია, აღარ გამოდის.

ის ერთი გოლიც დანიასთან, რომელიც ზემოთ ვნახეთ, გვილია-ლობჟანიძის კონტრშეტევის შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულ მეტოქესთან ამ ციკლში, ფაქტობრივად, პოზიციური შეტევიდან გოლი არ გაგვიტანია.

ბელარუსი დანია და შვეიცარია არ არის, თუმცა არც იმდენად სუსტია, რომ გარანტირებულად ფეხბურთელების ტექნიკის და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოგება შეიძლებოდეს. არადა იმის დრო, რომ პოზიციურ შეტევაში კომბინაციური და სისტემური თამაში დავაყენოთ, აღარ გვაქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბელარუსი იმ ტიპის მეტოქეა, რომელიც თბილისში მეორე ნომრად ითამაშებს, კონტრშეტევების სივრცეს არ მოგვცემს და ნაკრებს თამაშის დიდი ნაწილის გატარება სწორედ პოზიციურ შეტევებში მოუწევს.

ზემოთ, ინფოგრაფში მოტანილი სტატისტიკა ამას ადასტურებს - მეტოქეები ბურთს მხოლოდ 8 პროცენტით მეტს ფლობენ, თუმცა ჩვენს კარში თითქის 4-ჯერ მეტჯერ არტყამენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ნაკრები კარისკენ (ანუ აცილებული დარტყმები) საკმაოდ ხშირად არტყამს, თუმცა კარში ამ დარტყმების მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის -  ამ 6 თამაშში ნაკრებმა 64 დარტყმა განახორციელა, საიდანაც მხოლოდ 10 იყო ზუსტი.

ვინც ნაკრების თამაშებს ხშირად უყურებს, დამეთანხმება, ამის მიზეზი ის არ არის, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს კოლექტიურად დაავიწყდათ, ბურთი კარში როგორ უნდა მოარტყან. ამის მიზეზი ის არის, მოთამაშეები ხშირად იძულებულები არიან, არცთუ ისე მომგებიანი პოზიციიდაან, დაბალპროცენტიანი დარტყმები განახორციელონ - მაგალითად, ხშირად ვურტყამთ შორიდან. სამწუხაროდ, ნაკრების შესარჩევი ციკლის დეტალური სტატისტიკა ღია წყაროებში არ მოიპოვება და ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვი, დარტყმების რა პროცენტი მოდის დაბალპროცენტიან დარტყმებზე, თუმცა ვიზუალური შთაბეჭდილების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად, როცა არ ვიცით, როგორ შევუტიოთ და შეტევის განვითარების სისტემური მონახაზი არ გვაქვს, მოთამაშეები იძულებულები არიან, რომ მოუმზადებლად ცუდი დარტყმა შეასრულონ - ბუნებრივია, ამ ტიპის დარტყმების დიდი ნაწილი მეტოქის კარში არ მიდის.

სისტემური პრობლემა სახეზეა: ვაისის გუნდმა არ იცის, ბურთის ფლობა დარტყმებად, მომენტებად და გოლებად როგორ გარდაქმნას.

ამაზე პასუხისმგებელი სწორედ მწვრთნელია - მარტივ რამეს ვამბობ - თუ თამაშში მეტოქის კარში ერთხელ არტყამ, ძნელია, ის თამაში მოიგო.

ორი პოზიტიური მომენტი

ვინმე შეიძლება შემომედავოს, რომ რა პოზიტივი შეიძლება ვნახოთ, მაშინ, როდესაც გიბრალტარის გარდა შესარჩევ ციკლში, თითქმის 5 წელია, არავისთვის არ მოგვიგია. თუმცა ეს საკითხის მხოლოდ ცალმხრივი და მარტივი აღქმა იქნება. ამ შესარჩევში პოზიტიური მომენტებიც უნდა დავინახოთ. მათგან ორს გამოვყოფდი.

პირველი ის არის, რომ ჩვენი ნაკრები გუნდია - ახლავე ავხსნი, რისი თქმა მინდა. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი სიტუაციებიც ხშირად გვახსოვს ეროვნულ გუნდში, როდესაც სკანდალების, კონფლიქტური სიტუაციების, თუ ცუდი მენეჯმენტის გამო, ნაკრები ქაოტური და უმართავი იყო. ვაისის გუნდი ყველა თამაშში მობილიზებული თამაშობს, ბოლომდე იბრძვის და იხარჯება, ფეხბურთელებს, როგორც გარედან ჩანს, მოსწონთ და მოტივირებულები არიან, რომ ნაკრებში ითამაშონ. პოზიტიური ფაქტორი ის არის, რომ ნაკრებს მყარი ბირთვი ჰყავს და მთელი შესარჩევი ერთი ძირითადი ბირთვისა და ერთიანი ტაქტიკის ფარგლებში თამაშობს. მოკლედ, ნაკრებს თავისი მონახაზი და ფუნდამენტი აქვს. ვაისის გუნდის შემადგენლობა და სათამაშო ტაქტიკაც მეტ-ნაკლებად სტაბილურია - ნაკრებს ერთდროულად 8 მოთამაშე ჰყავს, რომელმაც ციკლში 6 და  მეტი შეხვედრა ჩაატარა (ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია). დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს ასე სტაბილური ბირთვი არ ჰყოლია.

ზემოთ, შეტევაში სისტემურ პრობლემაზე დავწერე და არ შეიძლება პოზიტიურ მოვლენად არ აღინიშნოს ნაკრების დაცვის თამაში. ბოლო სამ თამაშში (დანია, ირლანდია, შვეიცარია - გიბრალტართან მატჩებს, როგორც აღვნიშნე, ანალიზის გარეშე ვტოვებ) ნაკრებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა - ეს ის შედეგია, რომელსაც ნებისმიერი დიდი ევროპული ნაკრები მოაწერდა ხელს. საერთოდაც, თუ დანიასთან კაცნაკლულად ჩატარებულ და ჩაგდებულ შეხვედრას არ გავითვალისწინებთ, ეროვნულმა გუნდმა დანარჩენ ხუთ შეხვედრაში, საკმაოდ სერიოზულ მეტოქეებთან მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ეს ძალიან კარგი შედეგია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს თამაშები ცალკარა არ ყოფილა - ანუ, ნაკრები ამ თამაშებში მთელი შეხვედრა მთელი შემადგენლობით საჯარიმოში არ მდგარა. მხოლოდ რაოდენობრივად კი არა, ხარისხობრივადაც შეგვიძლია თავის დაცვა. დაცვაში ვაისის გუნდს თავისი სტაბილური ფუნდამენტი აქვს - მარჯვენა ფლანგეზე სტაბილურად კაკაბაძე თამაშობს, მარცხნიდან ჯიმი ტაბიძე, რომელიც ბოლო შეხვედრაში ხოჭოლავამ ასევე კარგად შეცვალა - დაცვაში კი სტაბილურად მოთამაშე კაშია-გრიგალავას წყვილთან ერთად, იგივე ხოჭოლავა და კვერკველიაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მოკლედ, დაცვაში თამაში ის არის, რაც არ შეიძლება პოზიტიურ ასპექტად არ მივიღოთ.

ტაქტიკური პრობლემა შეტევაში

ამ სტატიის მიზანი უფრო მთელი შესარჩევის ერთიანი ანალიზია, ვიდრე ცალკეული მატჩების ტაქტიკური დეტალების გახილვა. თუმცა, შეტევაში ზემოთხსენებულ სისტემური პრობლემის შესახებ უკვე დანიასთან და ირლანდიასთან თბილისური მატჩების შემდეგ უკვე ვწერდი.

წაიკითხერა გამოაჩინა ირლანდიასთან მატჩმა - გათვლები ბელარუსთან თამაშისთვის

დარჩენილ თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ ვაისმა ნაკრების შეტევის თამაშში დიამეტრულად ახალი რამ მოიფიქროს. შესაძლოა, ამ ფონზე უფრო ეფექტური იყოს სათამაშო სქემის შეცვლა. როდესაც ნაკრებს სამი შემტევი ჰყავს (ქვილითაია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი), ხოლო მოედნის ცენტრში ასევე სამი ფეხბურთელი თამაშობს, ქვილითაია ხშირად მარტო რჩება. განაპირა შემტევები (ვაკო, ოქრიაშვილი) უფრო ფლანგზე არიან და თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცენტრში ბურთიანად ვერ შევიდნენ, იმ ფონზე, რომ მოედნის ცენტრში დინამიური ფეხბურთელი, რომელსაც საჯარიმოში შემოსვლა და გოლის გატანა ეხერხება, ნაკლებად გვყავს, ქვილითაია მარტო რჩება.

ქვილითაიას კარგი შესარჩევი ჰქონდა - სტაბილურად თამაშობდა, ბევრს შრომობდა, ძალიან კარგად იღებდა ბურთს კარიდან ზურგით, თუმცა ის იმ ტიპის ფორვარდი არ არის, რომელსაც სულ ერთი ეპიზოდი ჰყოფნის გოლის შესაგდებად. ასეთი შოთა არველაძის შემდეგ არც გვყოლია. ქვილითაიას შეტევაში დამხმარე სჭირდება, რომელსაც ის ბურთს დაუგდებს და მის გარშემო სივრცეებს შეავსებს. საქართველოს ნაკრები არც მაინცადამაინც გაბარიტული და ათლეტური გუნდია შეტევაში სტანდარტების და ჩაწოდებების იმედზე რომ იყოს.

წაიკითხეევროპულად მიღწეული ფრე - 5 დაკვირვება საქართველოსა და დანიის მატჩიდან

შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს 4-5-1 სისტემით თამაში, როდესაც ქვილითაიას უკან ერთდროულად სამი დინამიური და მეტოქის კარზე ორიენტირებული შემტევი განლაგდება. გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების შემდეგ ეს უფრო რეალისტური შეიძლება გახდეს. მაგალითად, შვეიცარიასთან გასვლითი შეხვედრის წინ, ცალკეულ მონაკვეთებში, როდესაც ქვილითაიას უკან ერთდროულად სამი დინამიური შემტევი (ყაზაიშვილი, შენგელია, დავითაშვილი) იყო, მომენტების შექმნა (თუნდაც კონტრშეტევაზე) უფრო გამოგვდიოდა. შედეგად 4 დარტყმა მეტოქის კარში და რამდენიმე კარგი მომენტი - შეტევაში ამ შეხვედრაში ნაკრები შეტევაში ბევრად უფრო სახიფათო იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში. ცენტრიდან ქვილითაიას უკან კარგად გამოიყურებოდა ვაკო ყაზაიშვილიც.

ყაზაიშვილის მომენტი შვეიცარიასთან

რა ელის ვაისს და რა უნდა ვქნათ ბელარუსის წინ

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისის კომენტარი იმ კაცის კომენტარს ჰყავდა, წასვლას, რომ არ გამორიცხავს. ვაისის ხელში ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ზემოთ აღნიშნული პოზიციური შეტევის ფაქტობრივი არარსებობა, თუმცა არის გარკვეული ფუნდამენტი, რომელსაც გუნდი ეყრდნობა (სტაბილური შემადგენლობა და ტაქტიკა, დაცვა). რამდენად ეყოფა ეს ბელარუსს და მთლიანად პლეი ოფს, რთული სათქმელია. სტაბილური დაცვის ფონზე, თუ შემტევებს ინდივიდუალური თამაში წაუვიდათ, ბელარუსის კალიბრის გუნდს უნდა მოვუგოთ, თუმცა ამ ისტორიული მატჩების წინ ვისურვებდით, ალბათ, რომ უკეთ ვყოფილიყავით მზად.

ვაისის ხელში ზრდის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს, თუმცა იმ ფონზე, როდესაც მისი წასვლის შემთხვევაშიც, ახალ მწვრთნელს დრო ფაქტობრივად არ ექნება, მისი წასვლაც სარისკო ნაბიჯია. თუ ახალი მწვრთნელი მოვა, ისეთი უნდა მოვიდეს, რომელიც გუნდს შიგნიდან კარგად იცნობს და ექსპერიმენტებს არ დაიწყებს. ერთა ლიგის პლეი ოფამდე ამის დრო არ არის. სხვაგვარად, ისევ ვაისის მიერ შექმნილი მინიმალური ფუნდამენტის, ბიჭების მონდომების და ტრიბუნების იმედად უნდა ვიყოთ. ის თამაში, რაც გვაქვს, ბელარუსს უნდა ეყოს, თუმცა ჩვენ უფრო მეტი გვინდა.

კომენტარები

ბოლო ამბები