Thumbnail
  • ლეიკერსი 122:101 ატლანტა
  • მორიგი ორმაგი დუბლით საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო 
  • სტეიპლ ცენტრში თამაშს კობი ბრაიანტიც დაესწრო

დასავლეთ კონფერენციის ლიდერი ლოს ანჯელეს ლეიკერსი აუტსაიდერ ატლანტას მასპინძლობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, შანსი არ დაუტოვა (122:101). პირველი ნახევრის შემდეგ ლეიკერსი 28 ქულას იგებდა და თამაშიც, ფაქტობრივად, დასრულებული იყო.

ატლანტა თავს ვერ იცავს - წინა დღეს ჯორჯიელებმა კლიპერსისგან 150 მიიღეს, ამჯერადაც ლეიკერსი 120 ქულას იოლად გადასცდა. კალიფორნიელებს ზუსტი სროლების 52.8 პროცენტი ჰქონდათ, მათ შორის 35-დან 15 ზუსტი სამქულიანი (42.9 პროცენტი). ლეიკერსს სეზონის სტარტზე სამიანების ჩაგდება უჭირდა და, როგორც ჩანს, ეს პრობლემა გვარდება.

წაიკითხე: ლებრონის და დევისის შოუ - როგორ დაბრუნდა ლეიკერსი ფავორიტებში

საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო - მას ორმაგი დუბლი ჰქონდა 33 წუთში 33 ქულა და 12 პასი მოაგროვა. ლეიკერსის მეორე ლიდერს ენტონი დევისს ბევრი შრომა არ მოუწია - მცირე ტრავმის შემდეგ, 28 წუთი ითამაშა და მხოლოდ 14 ქულით დაასრულა შეხვედრა. ჯამში ერთაბაშად 7-მა ლეიკერმა მოაგროვა ათ ქულაზე მეტი.

ატლანტას ტრადიციულად ტრე იანგმა ულიდერა 31 ქულით და 7 პასით.

მთავარი ამბავი კი პარკეტს მიღმა მოხდა - ლეიკერსის თამაშზე ლეგენდარული კობი ბრაიანტი იყო მისული. "სტეიპლს ცენტრის" პუბლიკა კობის ოვაციებით შეხვდა. თბილად შეხვდნენ ერთმანეთს კობი და ლებრონი - ლეიკერსის ძველი და ახალი ლიდერები.

კომენტარები

ბოლო ამბები