Thumbnail

კიმ ჩენ ინის გოგონების მძიმე ცხოვრება - როგორ გადამალეს ჩრდილოკორეელი ფანები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩრდილოეთ კორეის გულშემატკივარი გოგონების ცხოვრება ზამთრის ოლიმპიადაზე.
  • ისინი მთაში, ჩაკეტილ სასტუმროში ჰყავთ გადამალული.
  • სასტუმროს პერსონალის და დაცვის თანამშრომლები დეტალებზე საუბრობენ.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოკორეელი მოცეკვავე გოგონები ყურადღების ცენტრში მოექცნენ - კიმ ჩენ ინის ტაშის დამკვრელი ბრიგადა საკმაოდ სასაცილო, მაგრამ საინტერესო სანახავია.

საგულდაგულოდ შერჩეული პარტიის ჯარისკაცი გოგონები (სულ 229) ჩრდილოკორეელ სპორტსმენებს უჩვეულოდ ამხნევებენ

ისინი ეროვნულ პარკში, პიონჩანიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე სასტუმროში ცხოვრობენ. ეს არის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მდინარის პირას. მდინარე ზამთარში დამშრალია. ზაფხულში ამ ადგილს რაფტინგის მოყვარული ბევრი ტურისტი სტუმრობს, ზამთარში კი ეს ადგილი მკვდარია.

კიმის გოგონათა ბრიგადას 100-ზე მეტი სამხრეთკორეელი უსაფრთხოების თანამშრომელი აკონტროლებს. მათ დავალებული აქვთ, რომ დღე და ღამე გააკონტროლონ სასტუმროს ტერიტორია.

წარწერა ბანერზე: "დემონსტრაცია აკრძალულია!" ზემოთ: სასტუმრო, სადაც "კიმის ბრიგადა" ცხოვრობს

“ვფიქრობ, ეს ადგილი იმიტომ აირჩიეს, რომ დაცული და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულია. აქ ერთადერთი გზა ამოდის,” - აცხადებს სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ასეთი კონტროლი და მოშორებულ ადგილზე ყოფნა აუცილებელი იმოტომაა, რომ დიდი შანსია, ჩრდილოკორეელმა გოგონებმა გაქცევა მოისურვონ, რაც უდიდეს სკანდალს გამოიწვევს. ეს კი ისეთი ადგილია, ვინმემ გაქცევა რომც გადაწყვიტოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსაც რომ დააღწიოს თავი, საათობით ტყეში უნდა იხეტიალოს და თანაც, ზუსტად უნდა იცოდეს გზა, რადგან ჩრდილოეთ კორეის საზღვრამდე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია.

ფარდები ყოველთვის ჩამოფარებულია. ჩრდილოკორეელ გოგონებს სხვებთან კონტაქტი აკრძალული აქვთ

სასტუმროს თითოეულ ნომერში ორი ჩრდილოკორეელი “ჩირლიდერი” გოგონა ცხოვრობს. მათ ერთმანეთიც უნდა აკონტროლონ - მაშინაც კი, როცა სძინავთ. ფარდები ყოველთვის ჩამოფარებულია. სასტუმროს თანამშრომელმა ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ ტელევიზორები ყველა ნომრიდან გაატანინეს. ინტერნეტი კი ჩართულია, მაგრამ ჩრდილოკორეელ გოგონებს არც კომპიუტერები აქვთ და არც სმარტფონები.

ოცნება ერთიან კორეაზე

სანამ ჩრდილოკორეელ “ჩირლიდერებს” მიიღებდნენ, სასტუმროს პერსონალს სპეციალური წვრთნები ჩაუტარეს და დეტალურად აუხსნეს, როგორ უნდა მოიქცნენ, სანამ მათ სასტუმროში “კიმის გოგონათა ბრიგადა” ცხოვრობს. 150 თანამშრომელს ერთკვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდა.

► მთავარი წესი: არასდროს ახსენო მათი “ფიურერის”, კიმ ჩენ ინის სახელი და არავითარ შემთხვევაში არ ისაუბრო მათ ქვეყანაზე და შეიარაღებაზე.

გარდა ამისა, სასტუმროს პერსონალი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას! მაგალითად, სამხრეთკორეელები შამპუნს შამპუნს უწოდებენ, ჩრდილოკორეელები კი “თმის საპონს”. შესაბამისად, სასტუმროს პერსონალს სიტყვა შამპუნის გამოყენება ეკრძალება.

ჩრდილოკორეელი ჩირლიდერები სასტუმროდან გამოსვლის დროს

უსაფრთხოების თანამშრომლის თქმით, კიმის გოგონები დილას ძალიან ადრე დგებიან ერთად იკრიბებიან, ვარჯიშობენ, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი სპორტსმენებს, მერე კი ავტობუსებში სხდებიან და პოლიციის ესკორტთან ერთად მიდიან პიონჩანში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. იქამდე დაახლოებით საათნახევრის გზაა.

გულშემატკივრობის დროს გოგონებს, რა თქმა უნდა, უბედნიერესი სახეები უნდა ჰქონდეთ. ყველა მოძრაობას სინქრონულად აკეთებენ. როგორც ჩანს, ამაზე თვეების განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ქალების ჰოკეის შეხვედრაში, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის გუნდი იაპონიას ხვდებოდა, “კიმის ბრიგადა” ტაშს 2 საათის განმავლობაში უკრავდა! ხმამაღლა და ენერგიულად.

მათთან კონტაქტი შეუძლებელია. მნიშვნელობა არა აქვს, ინგლისურად დაელაპარაკები, თუ კორეულად - რეაქცია ნულია. ლაპარაკი სასტიკად აკრძალული აქვთ!

ზამთრის თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები ამბობენ, როგორც კი შევხედავთ, თავს და მზერას გვარიდებენო. გერმანული გაზეთის, “ბილდის” ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩრდილოკორეელმა გოგონამ მხოლოდ ერთხელ გაუღიმა - მხოლოდ რამდენიმე წამით ჩახედა თვალებში.

როგორც კი ჩრდილოკორეელი სპორტსმენები გამოსვლას ამთავრებენ, გოგონები მაშინვე სასტუმროში მიჰყავთ. მთის 4-ვარსკვლავიან ციხეში...

 

კომენტარები

ბოლო ამბები