Thumbnail
  • ტონი კროოსმა 2014 წლის შემდეგ დუბლი პირველად შეასრულა
  • მას გერმანია ევრო 2020-ის ფავორიტად არ მიაჩნია

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე (პლეი ოფში) 4:0 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ჯგუფში 18 ქულით პირველ ადგილზეა, გერმანულ მედიაში ბუნდესგუნდს მაინც აკრიტიკებენ.

‘კიკერი’ წერს, რომ იოახიმ ლიოვის შეგირდებს ბელარუსთან პირველი გოლის გასატანად 41 წუთი დასჭირდათ, რაც ბევრია. გარდა ამისა, ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ბუნდესგუნდის მეკარე მანუელ ნოიერს ზედმეტად ბევრი საქმე ჰქონდა ისეთ მეტოქესთან, რომელიც ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა. ქება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა დაიმსახურა.

ვგულისხმობთ ტონი კროოსს, რომელმაც გერმანიის ნაკრების ფორმით 95-ე მატჩი ჩაატარა და ამით ბუნდესგუნდის ლეგენდებს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და ზეპ მაიერს გაუთანაბრდა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ 29 წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა, რაც ოფიციალურ მატჩში 2014 წლის შემდეგ აღარ გაუკეთებია (არც კლუბში და არც ნაკრებში). კროოსმა დუბლი ბოლოს 2014 წლის მუნდიალის ლეგენდარულ მატჩში (7:1 ბრაზილიასთან) შეასრულა.

“არცისე ადვილია, ანგარიში გახსნა გუნდთან, რომელიც 11 კაცით თავს იცავს. თუმცა პირველი გოლის შემდეგ საქმე უფრო გაადვილდა, - განუცხდა RTL-ს კროოსმა, რომელმაც ანგარიში ჯერ 3:0 გახადა, მერე კი 4:0 - საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს, ოღონდ ამ გუნდს გამოცდილება აკლია. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები ამ დროისთვის არ ვართ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.”

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გაცილებით კმაყოფილი იყო: “რამდენიმე კარგი კომბინაცია გვქონდა და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ბელარუსს დიდი ხანია, დიდი ანგარიშით არ წაუგია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშე. 3:0-ის შემდეგ ცოტა მოვეშვით და ასე არ შეიძლება,” - აღნიშნა იოგიმ.

აღსანიშნავია, რომ მანუელ ნოიერს არაერთხელ მოუხდა თავისი ნიჭის გამოვლენა, 75-ე წუთზე კი პენალტიც მოიგერია.

გერმანიის ნაკრები ევროშესარჩევის ბოლო მატჩში 19 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება. ევრო 2020-ზე თამაში გერმანელებს უკვე განაღდებული აქვთ. ბუნდესგუნდის მიზანი ახლა ამ მატჩის მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები