Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 83:102 მილუოკი ბაქსი
  • გოგა ბითაძემ 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო
  • პეისერსს ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა შინაურ Bankers Life Fieldhouse-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და 83:102 დამარცხდა.

გასულ შეხვედრაში ინდიანელებს ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდათ, რომელმაც 30 ოქტომბერს ბრუკლინ ნეტსთან მატჩში მიღებული ტრავმა მოიშუშა, ამდენად, ქართველი ლეგიონერი თამაშში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ბითაძე მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გამოჩნდა და მოედანზე 5 წუთი გაატარა, რა დროშიც მეტოქის ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა, მისი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა. ქართველ ცენტრს აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი - 1 დაკარგვა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში, მასპინძლებმა სტუმრებზე 2 ქულით ნაკლები ჩააგდეს.

დასკვნითი მეოთხედის შუაწელს ინდიანა მეტოქეს 18 ქულით ჩამორჩა და მასპინძელთა თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა საქმეში სათადარიგო კალათბურთელები უკვე თამამად ჩართო. შედეგად, ბოლო წუთები გოგამაც შეუცვლელად ითამაშა და ფარქვეშიდან აღებულ 4 ქულას ზუსტი სამქულიანიც წაამატა.

საბოლოო ჯამში, ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა და მის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა იყო. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისი მოედანზე ყოფნისას კი, პეისერსმა მოწინააღმდეგეზე 3 ქულით ნაკლები მიითვალა.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მომენტები მილუოკისთან

ინდიანას რიგებში საუკეთესო ხსენებული ტერნერი (16 ქულა, 11 მოხსნა) იყო. ასევე ორმაგი დუბლი (11 ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა, ტი ჯეო უორენმა კი 15 ქულა ჩააგდო. მილუოკის, ტრადიციულად, იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბერძენი ვარსკვლავის მონაგარი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი გახლდათ.

პეისერსს 7 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:30 საათიდან, სტუმრად, ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.

 📺 ვიდეო: ინდიანა პეისერსი 83:102 მილუოკი ბაქსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები