Thumbnail

მუქარის წერილი და ტყვია - ანტონიო კონტე პოლიციამ უნდა დაიცვას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის თავკაცმა მუქარის წერილი მიიღო, რომელშიც ტყვია იდო
  • იტალიაში ეს კარგი ნიშანი არაა, მას შესაშინებლად ხშირად იყენებენ
  • სპეციალისტის უსაფრთხოებაზე სამართალდამცველები იზრუნებენ

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და მისი ოჯახი საფრთხის ქვეშაა. ამიერიდან 50 წლის სპეციალისტის დაცვაზე სამართალდამცველები იზრუნებენ. ამის მიზეზი მუქარის ანონიმური წერილი და მასთან ერთად ტყვია, რომელიც ახლახან ნერაძურის თავკაცმა მიიღო. იტალიაში ეს ცნობილი და პოპულარული საშუალებაა ვინმეს შესაშინებლად.

იტალიური პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და კონტეს პირობაც მისცა, რომ მისი სახლისა და ინტერის საწვრთნელი ბაზის კონტროლს გააძლიერებს. ინტერის ბაზის სიახლოვეს დამატებითი სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაც კი იგეგმება. 

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის უსაფრთხოებას დაცვა სჭირდება

ამავე დროს, იუწყებიან, რომ ხელისუფლებაში ინციდენტს მეტისმეტი ყურადღება დაუთმეს, მიუხედავად იმისა, რომ ნერაძურის თავკაცისთვის წერილის გაგზავნა, დიდი ალბათობით, ბოროტი ხუმრობაა.

ზოგადად, ანტონიო კონტეს სამშობლოში მტრები ჰყავს და ეს ტურინის იუვენტუსის ფანატები არიან. შეგახსენებთ, რომ კონტე "ბებერი ქალბატონის" ღირსებას ჯერ ფეხბურთელობის დროს იცავდა, შემდეგ კი მისი მწვრთნელიც იყო. 

ტურინელი გულშემატკივრებისთვის დიდი დარტყმა იყო ის, რომ სეზონის წინ სპეციალისტმა მათი პრინციპული მეტოქის, მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. ამ მიზეზით ფანებმა პეტიცია შექნეს და "ალიანც იუვენტუსის" დიდების ხეივნიდან კონტეს სახელობითი ვარსკვლავის მოცილება მოითხოვეს. 

ანტონიო მეუღლე ელისაბეტა მუსკარელოსა და გოგონა ვიტორიასთან ერთად იუვეს წარმატებას ზეიმობს

სერია A-ში გასული 12 ტურის შემდეგ, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ ინტერს 31 ქულა აქვს და სატუნრირო ცხრილში მხოლოდ იუვენტუსს (32) ჩამორჩება. ნერაძური ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში გამოდის, სადაც 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები