Thumbnail

NBA | ლებრონის პოსტერ-დანქი და დუბლი - ლეიკერსმა საკრამენტოს მოუგო

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 99:97  საკრამენტო კინგსი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
  • ლებრონ ჯეიმსის ეფექტური დანქი და ორმაგი დუბლი

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე საკრამენტო კინგსი მიიღო და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, სულ 2-ქულიანი სხვაობით სძლია.

შეხვედრის პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა საკრამენტოს ჰქონდა (20:30), თუმცა მეორეში მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს და დიდ შესვენებაზე კინგსის უპირატესობა მხოლოდ მინიმალური იყო - 50:49.
 
ამის შემდეგ უკვე ანგარიშში წინ გასვლა ლეიკერსმა მოახერა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 3-ქულიან უპირატესობას ფლობდა. ბოლო მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, სულ მცირედით უკეთესი საკრამენტო იყო (26:25), მაგრამ ეს სტუმართა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საკრამენტოს გათანაბრების შანსი ბოლო წამებზე ჰქონდა. გადამწყვეტი იერიში სტუმართა ფორვარდმა ჰარისონ ბარნსმა განახორციელა, თუმცა ენტონი დევისმა დაუფარა და თამაშიც იქ დასრულდა.

📺 ლეიკერსი 99:97 საკრამენტო (დრამატული ფინიში)

გამარჯვებულებს ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 29 ქულა, 11 მოხსნა. მის ანგარიშზე 13-იდან 8 რეალიზებული 2-ქულიანი, 7-იდან 2 ჩაგდებული 3-იანი და 7-ივე ზუსტი საჯარიმო იყო. ლებრონის პოსტერ-დანკი, რომელსაც უბრალოდ ვერაფერი დაუპირისპირა სტუმართა ფორვარდმა ნემანია ბიელიცამ, NBA-ს სათამაშო დღის TOP 10-ში მეორე ადგილზე მოხვდა.  

📺 NBA-ს სათამაშო დღის TOP 10 მომენტი

საკრამენტოში 21 ქულით ბადი ჰილდი გამოირჩა, რომელმაც პერიმეტრიდან 14-ჯერ ტყორცნა და აქედან 6-ჯერ ზუსტად. კიდევ 3 ქულა მან საჯარიმოებით მიითვალა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსს 12 მატჩში 10 მოგებით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი ლებრონის გუნდი კვლავაც შინ, 18 ნოემბერს, ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებს. 

საკრამენტო 4 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 17 ნოემბერს, შინ ბოსტონ სელტიკსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები