Thumbnail

ბაიერნი - ჰანსი ფლიკი მთავარი მწვრთნელია, ული ჰიონესი პრეზიდენტი აღარაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ოფიციალურად - ჰანს-დიტერ ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელია
  • 54 წლის სპეციალისტი გუნდს სულ ცოტა შობამდე უხელმძღვანელებს
  • ბავარიული კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა ული ჰიონესმა დატოვა 

ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელია და ამის შესახებ მიუნხენური კლუბის საიტი ოფიციალურად იუწყება, ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე კი აცხადებს:

"შაბათს, დორტმუნდში მატჩის შემდეგ, ჰიონესმა, სალიჰამიჯიჩმა და მე საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ ფლიკი მთავარ მწვრთნელად რჩებოდა. ვინაიდან ჰანსის არ სურს, რომ ყოველი შაბათს ეკითხებოდნენ, იქნება თუ არა ის მომავალ მატჩში მთავარი მწვრთნელი, ვაცხადებ, რომ ფლიკი, სულ ცოტა, შობამდე უხელმძღვანელებს გუნდს, შესაძლოა, მერეც.

ჩვენ ვენდობით ფლიკს. ის შთამბეჭდავ ცოდნას ფლობს წვრთნასა და ტაქტიკაზე, გუნდის მოთამაშეებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მოგვწონს მისი სიმპათიური გარეგნობაც. დარწმუნებით ვამბობ: ჩვენ ვენდობით ჰანსი ფლიკს!".

54 წლის ჰანს-დიტერ ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა და თანამდებობაზე ნიკო კოვაჩი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს. ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნმა ოლიმპიაკოსს სძლია (2:0), ბუნდესლიგაში კი - დორტმუნდის ბორუსია (4:0).

მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური საიტი ასევე იუწყება, რომ თანამდებობა დატოვა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა. 67 წლის ჰიონესმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ახალი ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე კი ჰერბერტ ჰაინერი იქნება.

 ჰიონესი ბაიერნის ფეხბურთელი 17 წლის ასაკში გახდა და კლუბის ღირსებას 1970-79 წლებში იცავდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის ბაიერნის მენეჯერი გახდა და კლუბს სათავეში 2014 წლის მარტამდე ედგა, როდესაც გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2016 წლის თებერვალში ჰიონესი ვადამდე გათავისუფლდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაიერნის პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა.

ული ჰიონესმა გამომშვიდობებისას ემოციები ვერ შეიკავა

ბუნდესლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ბავარიელები ლიდერ გლადბახს 4 ქულით ჩამორჩებიან. მომავალ ტურში, 23 ნოემბერს, ჰანსი ფლიკის გუნდი სტუმრად ფორტუნას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები