Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 111:102 ინდიანა პეისერსი
  • პეისერსის ქართველმა ცენტრმა ტრავმა მოიშუშა
  • გოგა ბითაძემ როკეტსთან მატჩში 18 წუთი ითამაშა

ტრავმით გამოწვეული 3-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ გოგამ ტვინის შერყევა 6 ნოემბერს, ვაშინგტონ ვიზარდსთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ საქმეს ჩამოშორებული გახლდათ.

ქართველმა ლეგიონერმა ექმებისგან მწვანე შუქი მხოლოდ გუშინ მიიღო და გუნდთან ერთად ჰიუსტონში გაემგზავრა, დღეს კი, როკეტსთან წაგებულ (102:111) მატჩში 18 წუთი ითამაშა.

ბითაძე პარკეტზე მე-2 მეოთხედის სტარტზე გამოჩნდა და მალევე 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც შედეგიანი პასიც მიამატა.

დიდ შესვენებამდე, გოგამ 7 წუთი ითამაშა და აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

დავაზუსტოთ: ქართველი ლეგიონერის საქმეში გამოჩენის დროს პეისერსი 22:26 აგებდა, ჩვენებურის სკამზე დაბრუნებისას კი ინდიანელები 47:40 ლიდერობდნენ. გოგას გასვლის შემდეგ, სტუმრებმა შესვენებამდე დარჩენილი პერიოდი 2:14 (!) წააგეს და ჰიუსტონმა ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა 54:49.

ქართველი ცენტრი მოედანზე მეორედ მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე გამოჩნდა.ამ დროს, პეისერსი 67:75 მარცხდებოდა. გოგამ პირველივე შეტევაში ფარქვეშიდან ორქულიანი მიითვალა და გაქცევას დაუდო სათავე, რომლის შემდეგაც ანგარიში საყაიმო გახდა.

სტუმართა თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა ჩვენებური დასკვნითი მეოთხედის დაწყებიდან მალევე დაასვენა, თუმცა, შეხვედრის დასკვნითი 5 წუთი ისევ საქმეში ჰყავდა, რა დროშიც ქართველმა ალეიუპს დანქი მიაყოლა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბითაძის საქმეში ყოფნის პერიოდში, ინდიანამ ჰიუსტონზე 19 ქულით მეტი მიითვალა.

📺 გოგა ბითაძის ჰაილაითები ჰიუსტონთან

გასაკვირი არ ყოფილა, რომ პლიუს-მინუს კოეფიციენტში ჩვენებურის მაჩვენებელი სტუმართაგან ვერავინ გადაფარა, გოგას საბოლოო მონაგარი კი 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკ-შოტი გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, პასივში კი 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

პეისერსის რიგებში საუკეთესო ლიტველი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა. ასევე 18 ქულა ჩააგდო დაგ მაკდერმოტმა, როკეტსის გამარჯვება კი შეუდარებელმა ჯეიმს ჰარდენმა განაპირობა, რომლის ანგარიშზეც 44 ქულა გახლდათ.

სათქმელია ისიც, რომ ინდიანას პირველივე მეოთხედში დაუშავდა ძირითადი გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი, ეს კი, გუნდისთვის, რომელსაც ასევე ვერ ეხმარებიან მაილს ტერნერი, ვიქტორ ოლადიპო, ჯერემი ლემბი და ედმონდ სამნერი, დიდი დარტყმა უნდა იყოს.

პეისერსს 12 მატჩში 7 გამარჯვება შერჩა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 17 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:00 საათიდან, შინ, მილუოკი ბაქსთან ჩააატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები