Thumbnail

შვეიცარიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი სედრიკ იტენი ეროვნულ გუნდში ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებდა. სენტ გალენის 22 წლის შემტევი მოედანზე მხოლოდ 6 წუთის შესული იყო, როცა საქართველოს ნაკრებს გაუტანა და ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

შვეიცარიის ნაკრებმა საქართველოს სედრიკ იტენის გოლით მოუგო

საქართველომ ევროშესარჩევი 8 ქულით, მე-4 ადგილზე დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდს შვეიცარიასთან კარგი მომენტები ჰქონდა, გიორგი ქვილითაიამ ბურთი ძელსაც მოარტყა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი მაინც ფავორიტმა მოიგო, რაც პირველ რიგში ახალგაზრდა დებიუტანტის, იტენის დამსახურებაა.

აი, რა თქვეს შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მატჩის შემდეგ:

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი): “ჩვენს თამაშში ნერვიულობა და იგრძნობოდა. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა. მეორე ტაიმში უფრო დიდი მონდომებით შევუტიეთ და მეტოქესაც მიეცა შანსები. მთავარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა.”

გრანიტ ჯაკა: “მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა, მოგება ძალიან რთული ყოფილიყო და ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია და არც სითამამე აკლია. მეორე ტაიმში ძალიან გავიხსენით და ჩვენს უკანა ხაზშიც გაჩნდა სივრცეები. ამიტომაც ჰქონდათ ქართველებს მომენტები. სედრიკს ვულოცავ - მიხარია, რომ ეს გოლი სწორედ მან გაიტანა.”

სედრიკ იტენი: “უბრალოდ ვცადე, რომ ბურთი კარისკენ გადამეგზავნა. დაუჯერებელია, რომ გოლი გავიდა! იმ ფაქტითაც კი გაოცებული ვიყავი, რომ ნაკრებში გამომიძახეს. ყველაფერი იდეალურად აეწყო. როცა პეტკოვიჩმა მოედანზე შემიშვა, უკვე უბედნიერესი ვიყავი, მერე კი გამარჯვების გოლიც გავიტანე. ვერ ვიჯერებ, რომ ასე მოხდა. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები