Thumbnail

ვაისი: მიუხედავად იმისა, დავრჩები თუ არა, საქართველოს წარმატებას ვუსურვებ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის დასკვნითი მატჩი გამართა და შვეიცარიასთან სენტ გალენში 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და შემდეგ საინტერესო კომენტარები გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით, თუ მის გარეშე, საქართველოს ნაკრებს მარტში უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემ კოლეგას, ვლადიმირ პეტკოვიჩს გამარჯვება. პირველი 20 წუთის განმავლობაში ცოტა დაბნეულები და შეშინებულები ვთამაშობდით. შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით, შეტევაშიც თამამად გადავედით და უფრო გახსნილი თამაში შევთავაზეთ მეტოქეს. 

მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაშიც დავუშვით შეცდომა. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა კარგი ფეხბურთი იხილეს ორივე გუნდის მხრიდან. მინიმალური სხვაობით დავმარცხდით ჯგუფის საუკეთესო გუნდთან. შვეიცარიამ უნდა მოუგოს გიბრალტარს და მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის საგზური. მინდა პეტკოვიჩს და შვეიცარიის ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. 

ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავას თამაში გამოარჩია

4-4-2 ტაქტიკით დავიწყეთ თამაში, გიორგი ქვილითაიას კი შეტევაში ვაკო ყაზაიშვილი შეუწყვილდა. კარგად ითამაშეს, რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ ადვილი არ არის ასეთ ძლიერ მცველებთან თამაში. მეორე ნახევარში ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ასევე, უნდა აღვნიშნო გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში. შეტევით ფაზაში მეტი აგრესია, მეტი ხარისხი გვჭირდება, რომ საგოლე მომენტები გამოვიყენოთ. შენგელიამ თითქმის პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, ყაზაიშვილმა შესანიშნავი რეიდი დაასრულა დარტყმით, თუმცა გასატანად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

'არ მომწონს შედეგი, მაგრამ მოხარული ვარ ჩვენი თამაშის ხარისხის გამო'

შვეიცარიის ნაკრები უკეთესი იყო პირველი 20 წუთის განმავლობაში, ჩვენ კი მეორე ტაიმში ვჯობდით მეტოქეს. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმის გამო. კარგად ვიცავდით თავს, სახიფათოდ ვუტევდით და მთლიანობაში, კარგი თამაში ვაჩვენეთ. ბრწყინვალე იყო ჯაბა კანკავა, ძალიან კარგად ითამაშეს შენგელიამ და 18 წლის დავითაშვილმა. არ მომწონს შედეგი, მაგრამ მოხარული ვარ ჩვენი თამაშის ხარისხის გამო. პირველ 20 წუთში რომ გაგვეშვა გოლი, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ერთი მარტივი შეცდომის გამო წავაგეთ თამაში.

'საქართველოს ნაკრებს მარტში ისეთი მატჩები ელოდება, როგორიც შეიძლება 20, ან 30 წელიწადში ერთხელ მოგიწიოს'

იყო თუ არა პროგრესი ამ შესარჩევ ციკლში, რა იყო პლუსი და რა მინუსი, ამაზე ჟურნალისტებმა უნდა ისაუბროთ. საქართველოს ნაკრებს მარტში ისეთი მატჩები ელოდება, რომელიც შეიძლება 20, ან 30 წელიწადში ერთხელ მოგიწიოს. დეკემბერში სამწვრთნელო შტაბს ხელშეკრულება გვიმთავრდება და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ვიქნები თუ არა ნაკრების მწვრთნელი, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ გუნდს”.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს გამართავს. ეს იქნება ტესტ-მატჩი სტუმრად, ხორვატიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები