Thumbnail
  • ესპანური ტელეარხები სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების იდეას არ იწონებენ
  • მიზეზი ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემებია

ესპანეთის სუპერთასის ფედერალური ტელევიზიებით ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მისი ჩატარების ადგილად საუდის არაბეთი გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სუპერთასის ფინალური ეტაპის ტრანსლირების უფლებებზე ვაჭრობაში უარი ტელეარხმა RTVE-მ განაცხადა, შემდეგ კი ბოიკოტს Mediaset და Atresmedia შეუერთდნენ. 

ესპანეთის სუპერთასს მომავალი 3 წლის განმავლობაში საუდის არაბეთი უმასპინძლებს 

როგორც ტელეარხების ოფიციალურ განცხადებებშია ნათქვამი, მათ არ სურთ ესპანეთის სუპერთასის ტრანსლირება იმ ქვეყნიდან, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული პრობლემებია.

"RTVE-ში მხარს ვუჭერთ ქალთა სპორტს. რა საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, სადაც ქალებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ციხეში სვამენ?", - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სუპერთასს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი უმასპინძლებს და ამისთვის ესპანური მხარე 120 მილიონ ევროს მიიღებს. ითქვა ისიც, რომ საუდის არაბეთის სტადიონებზე შესლის უფლება ქალებსაც ექნებათ.

ბოიკოტის ამბავს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა: 

"მიღებული თანხა მდიდრული სახლების მშენებლობას კი არა, ქალთა ფეხბურთის დაფინანსებას მოხმარდება, რომელსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. რა თქმა უნდა, ფული მნიშვნელოვანია და ამას ვერავინ უარყოფს".

ესპანეთის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ - 13-ჯერ ბარსელონას აქვს მოგებული 

ესპანეთის სუპერთასი განსხვავებული ფორმატით - მომავალი წლის იანვარში უნდა ჩატარდეს. პირველად, მასში მონაწილეობას ოთხი გუნდი მიიღებს, თავად ტურნირი კი ნახევარფინალისა და ფინალისგან შედგება. სუპერთასზე ესპანეთის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, ასევე ქვეყნის თასის მფლობელი და ფინალისტი ითამაშებენ - ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი და ვალენსია. 8-9 იანვარს ნახევარფინალები (ვალენსია-რეალი, ბარსელონა-ატლეტიკო) ჩატარდება, თასის მფლობელის ვინაობას კი 12 იანვარს შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები