Thumbnail

შუმახერის შვილის ემოციური პოსტი - ლეგენდის ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიხაელ შუმახერის ლეგენდარული ბოლიდი აბუ დაბის გრანპრიზე გაიყიდება
  • Ferrari F2002-ით შუმიმ 2002 წელს მეხუთე ჩემპიონობა იზეიმა

მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა ინსტაგრამზე ფერარის 2002 წლის ბოლიდის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც მაშინ დიდი შუმი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს ბოლიდი მალე აუქციონზე გაიყიდება.

“RM Sotheby's აუქციონისთვის, რომელიც 30 ნოემბერს, აბუ დაბის გრანპრის დროს გაიმართება, დროის ათვლა დაიწყო. ამ აუქციონზე მამაჩემის Ferrari F2002 გაიყიდება,” - დაწერა მიკ შუმახერმა პოსტში. 

ფოტოზე უმცროსი შუმი ზემოთ აღნიშნულ ბოლიდთან ერთადაა გადაღებული.

ფორმულა 1-ის ლეგენდამ ამ ბოლიდით 2002 წელს თავისი მეხუთე ტიტული მოიგო და მთელი სეზონის განმავლობაში დაუჯერებლად დომინანტი გახლდათ. 17 რბოლიდან შუმახერი ყველა გრანპრის შემდეგ პოდიუმზე იყო. მან იმ სეზონში 11 რბოლა მოიგო. 

მიკ შუმახერს უკვე ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ისტორიული ბოლიდი თავად ემართა. “როდესაც ეს ბოლიდი ფიორანოზე ვატარე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ამით დიდი ხნის ოცნება ამიხდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო,” - ამბობს მიკ შუმახერი.

იმ ფაქტს, რომ შუმახერის Ferrari F2002 ნოემბრის ბოლოს გაიყიდება, თავისი მიზეზი აქვს: 2019 წლის ნოემბერში ზუსტად 25 წელი გადის მას შემდეგ, რაც შუმი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1994).

წაიკითხეშუმახერის ტრაგედიის დეტალები - რა და როგორ მოხდა 6 წლის წინ

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი (7 ტიტული) შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფორმულა 1-ის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები