Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა
  • გოგა ბითაძემ, ტრავმის გამო, ბოლო 3 მატჩი გამოტოვა

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ტვინის შერყევით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გუნდთან ერთად პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და ჰიუსტონ როკეტსთან საგარეო მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა 6 ნოემბერს ვაშინგტონ ვიზარდსთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ 3 შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

ეს, ინდიანასთვის დიდი დარტყმა იყო, რადგანაც უკანასკნელ ოთხ თამაშში გოგას საშუალო მონაგარი 9.5 ქულა, 7.0 მოხსნა და 3.0 დაფარება გახლდათ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერაც ტრავმირებულნი არიან პეისერსის ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი, ჯერემი ლემბი, ვიქტორ ოლადიპო და ედმონდ სამნერი.

შედეგად, ინდიანელთა მთავარ მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს ბოლო სამი მატჩის განაცხადში მხოლოდ 10 ჯანმრთელი კალათბურთელი ჰყავდა...

მაკმილანმა ჯერ კიდევ გუშინ აღნიშნა, რომ ბითაძე უკვე მწყობრში გახლდათ, მოგვიანებით კი, მანვე დაამატა, რომ გოგა გუნდთან ერთად საგარეო მატჩზე გაემგზავრებოდა.

მოგვიანებით, ინდიანურმა პრესამ საკითხი კიდევ უფრო დააზუსტა: ქართველი კალათბურთელი სრულ მზადყოფნაშია და ახლა, მხოლოდ სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული, მას რამდენად დატვირთავს.

შეგახსენებთ, რომ პეისერსს უხლოეს პერიოდში დატვირთული გრაფიკი აქვს და ოთხ დღეში 3 მატჩის ჩატარება მოუწევს. ხვალ, დილის 5:00 საათზე პეისერსი ჰიუსტონში როკეტსს ეთამაშება, 17 ნოემბერს, 04:00 საათიდან მილუოკი ბაქსთან საშინაო თამაში ელის, 19-ში, 04:30 საათზე კი ბრუკლინ ნეტსთან გასვლითი მატჩია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები