Thumbnail

'ჯგუფის ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით' - ვლადიმირ ვაისმა მატჩამდე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას - სენტ გალენში, შვეიცარიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. 

შვეიცარიამდე, ეროვნულმა გუნდმა შეკრება გერმანიაში გაიარა. დღეს კი, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიასთან ვლადიმირ ვაისმა და ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.

ვლადიმირ ვაისი: "სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ.

მე მიყვარს ჩემი გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია.

იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც, ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები, მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას.

რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება. ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური."

შვეიცარიასთან მატჩამდე, ვლადიმირ ვაისთან ერთად პრესკონფერენციაზე შვეიცარიის ლუცერინის და საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა - ოთარ კაკაბაძემაც ისაუბრა.

ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ.

ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ."

კომენტარები

ბოლო ამბები