Thumbnail
  • ჩელენჯ ქაფის პირველი ტური: სტად ფრანსე V ბრივი
  • ბრივის რიგებში 6 ქართველი მორაგბე ითამაშებს

ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში ქართველი მორაგბეების ბრივი სტად ფრანსეს ესტუმრება და ტურნირს ამ დაპირისპირებით გახსნის. სტუმართა რიგებში 6 ქართველი მორაგბე ითამაშებს და თედო აბჟანდაძის დებიუტიც შედგება.

ქართველ მორაგბეს, რომელიც ფრანგულმა პრესამ უკვე შეაქო, საფრანგეთში დავუკავშირდით და მატჩისწინა კომენტარი ვთხოვეთ. თედომ ახალ გუნდზე და მის კარიერაში ჩელენჯ ქაფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თედო აბჟანდაძე: ბრივთან შეგუება არ გამიჭირდა. აქ ძალიან ბევრი ქართველია და ყველასთან ერთად მითამაშია. თან გუნდშიც კარგი სიტუაციაა. ვარჯიშები ინტენსიურია და ძალიან მომწონს.

რაც შეეხება ჩელენჯ ქაფის მატჩს, სასიხარულოა, როდესაც ჩელენჯ ქაფის პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქართველებთან ერთად თამაში მიწევს. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი კარიერისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სეზონი წინაა და იმედი მაქვს, რომ TOP 14-ის მატჩებსაც ვითამაშებ.

ბრივს 18 ქულა აქვს და TOP 14-ში მე-12 ადგილზეა. ქართველების გუნდი ელიტაში დასარჩენად იბრძვის. სტად ფრანსეს გარდა, ბრივის ჯგუფში ჩელენჯ ქაფზე იტალიური ზებრე და ინგლისური ბრისტოლი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები