Thumbnail

15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სენტ გალენში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შვეიცარიელებს 3 ქულა სჭირდებათ, საქართველოს კი სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს - ვაისის გუნდი ჯგუფში მე-4 ადგილზე გადის.

მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც შტეფან ლიხტშტაინერიც იყო მიწვეული.

ლიხტშტაინერი: საქართველოსთან ყურადღებით უნდა ვიყოთ

შტეფან ლიხტშტაინერი: “საქართველოსთან და გიბრალტართან მატჩების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სუსტი მეტოქე არ არსებობს. განსაკუთრებით ყურადღებით საქართველოსთან მატჩში უნდა ვიყოთ. მათთან მოგება ადვილი არ იქნება. საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა თბილისშიც - სანამ პირველ გოლს გავიტანდით. ფაქტია, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საფრთხე, რომ ქულები დავკარგოთ.”

ვლადიმირ პეტკოვიჩი და შტეფან ლიხტშტაინერი

პეტკოვიჩი: შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

ვლადიმირ პეტკოვიჩი: ახლაც ისეთივე წნეხის ქვეშ ვართ, როგორც წინა მატჩების წინ ვიყავით. საქართველოსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. როგორც შტეფანმა თქვა, მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოსთან 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა გუნდში მყავს, საუკეთესოები არიან მათ შორის, ვინც ჯანმრთელია. ვარჯიშების შემდეგ კმაყოფილი ვარ. ცხადია, ყოველთვის მეტს ვითხოვ.

'ვეცდებით, რომ პრესინგს მივმართოთ და ბურთი ვაკონტროლოთ. თამაში ჩვენი კარნახით უნდა მიდიოდეს'

5 მცველით ნამდვილად არ ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5-მცველიან ტაქტიკას ვაკრიტიკებ - როცა საჭიროა, 6 მცველითაც უნდა ითამაშო. ჩვენ ვეცდებით, რომ პრესინგს მივმართოთ და ბურთი ვაკონტროლოთ. თამაში ჩვენი კარნახით უნდა მიდიოდეს. ასეთ შემთხვევაში, მეტოქეს გაუჭირდება ჩვენთან წარმატების მიღწევა.

თბილისში გამართული მატჩის წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის. ჩვენი მეტოქე საკმაოდ სახიფათოა კონტრშეტევებზე. თბილისური მატჩის წინ ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოვიგებდით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ იყო. ეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ. მათ დანიასთან და ირლანდიასთან ქულები დაიმსახურეს. ასე რომ, ეს ჩვენთვის გაფრთხილებაა. ადვილი მატჩები არ არსებობს - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ორივე თამაშის მოგება გვინდა და საქართველოსთან 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები