Thumbnail

უკან ევროპაში? ყაზახეთში ამტკიცებენ, რომ კანკავა ჩემპიონატს შეიცვლის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჯაბა კანკავას ყაზახეთში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა
  • Vesti.kz - კანკავა, ალბათ, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს წავა

ყაზახეთის ჩემპიონატი დასრულებულია, ის ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლისთვის ცუდად დასრულდა - გუნდი კარგა ხანს ლიდერობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა, ბრინჯაოს მედლები კი კახა ცხადაძის ორდაბასიმ მოიპოვა. 

ტობოლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კი ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ხან დაცვის ცენტრში ათამაშებდნენ, ხან კი ჩვეულ პოზიციაზე. კანკავა ხშირად ხვდებოდა სიმბოლურ ნაკრებში და Vesti.kz-ის ინფორმაციით, ის ალბათ, ევროპაში დაბრუნდება.

ფორმალურად ყაზახეთიც ევროპაა საფეხბურთო თვალსაზრისითს (უეფას წევრია), თუმცა გამოცემასთან Ultimate Sports-ის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალან მამუკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი ჯაბას დაკარგავს და ნამდვილ ევროპულ ქვეყანაში გადავა. 

"ყაზახეთის პრემიერლიგაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას სხვა ჩემპიონატში გადავლენ. კამო ოგანესიანი ჟეტისუდან, მას უკვე აქვს რამდენიმე წინადადება; ჯაბა კანკავა ტობოლიდან, მან კარგი სეზონი ჩაატარა; ქაირათის ფეხბურთელები მარტონ ეპელი და ადერინსოლ ესეოლა", - განაცხადა საფეხბურთო აგენტმა. 

ბოლო ტურში ჯაბა მატჩის, შემდეგ კი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ამ სეზონში ჯაბა კანკავამ ყაზახეთის პრემიერლიგაში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გაფრთხილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი ორი სეზონია, რაც ყაზახეთში თამაშობს, სადაც ის ფრანგული რეიმსიდან გადავიდა. მანამდე ჯაბას კარიერაში უკრაინული კლუბები იყო, განსაკუთრებით კი დნიპროში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. 

კომენტარები

ბოლო ამბები