Thumbnail
  • თორნიკე შენგელია 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა
  • ევროლიგის 10 რჩეულის ვინაობა 2020 წლის დასაწყისში გაირკვევა

28 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ათწლეულის სიმბოლური ნაკრების კანდიდატებს შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგა 10 საუკეთესო კალათბურთელის დასახელებას ქომაგებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს.

ორგანიზაციის მიერ 50 კანდიდატი იქნება დასახელებული და ეს პროცესი ჯამში 10 კვირა გასტანს, გამოკითხვა კი მომავალი წლიდან დაიწყება.

28 წლის შენგელია ევროპულ კალათბურთში ჯერ კიდევ 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც ესპანური ვალენსიას მაისურით ევროთასის მოგება მოახერხა.

ქართველ მძიმე ფორვარდს ევროლიგაში დებიუტი 2011-12 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ბელგიურ სპირუ შარლერუაში ირიცხებოდა.

მას შემდეგ, თოკომ ძალები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სცადა, 2014 წლიდან კი ესპანურ ბასკონიაში ჩაირიცხა და ევროლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტში (ქულა, მოხსნა, სარგებლიანობის კოეფიციენტი) ბოლო ათწლეულის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის იმყოფება, რაც ჩინებული შედეგია.

შენგელიასთვის ყველაზე წარმატებული 2017-18 წლების სეზონი იყო, როდესაც ის ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მარტის საუკეთესო კალათბურთელადაც აღიარეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თორნიკემ მიმდინარე სეზონიც ძალიან მძლავრად დაიწყო და სარგებლიანობის კოეფიციენტის (21.29) მიხედვით, ფრანგი ნანდო დე კოლის შემდეგ, ლიგაში მე-2 ადგილზეა, ქულებში (17.43) კი – მეშვიდეზე.

ვთქვათ ისიც, რომ ევროლიგის ათწლეულის სიმბოლური ნაკრების კანდიდატთა შორის აქამდე დასახელებული იყვნენ: ნიკ კალატესი, ფელიპე რეიესი, სონი ვიმსი, ჯეისი კეროლი, ტაირის რაისი, ხუან კარლოს ნავარო, ალექსეი შვედი, ნენად კრსტიჩი, ლუიჯი დატომე, იოანის ბურუსისი, ანტე ტომიჩი, კორი ჰიგინსი, მაიკ ბატისტი, რუდი ფერნანდესი, დევინ სმითი, კოსტას სლუკასი, გეორგიოს პრინტეზისი და ვიკტორ ხრიაპა.

კომენტარები

ბოლო ამბები