Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე, ანუ ბოლო მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი სენტ გალენში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფავორიტი ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის. შვეიცარია დანიას და ირლანდიას უწევს კონკურენციას და დარჩენილ ორ მატჩში მინიმუმ 4 ქულა სჭირდება, რათა ევრო 2020-ის საგზური კონკურენტებისგან დამოუკიდებლად გაინაღდოს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველი მატჩი სწორედ შვეიცარიასთან გამართა და თბილისში, დინამო არენაზე 0:2 დამარცხდა. მაშინ, გოლები ცუბერმა და ზაკარიამ გაიტანეს.

ჯგუფური ეტაპი დასკვნით სტადიაზეა და უფრო დეტალურად ვთქვათ სატურნირო ცხრილის შესახებ. D ჯგუფს 12-12 ქულით ირლანდიის და დანიის ნარებები ლიდერობენ, მესამე ადგილზე კი 11 ქულით სწორედ შვეიცარიის ნაკრებია. თუმცა, ირლანდიელებს კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვთ გამართული. მოკლედ, თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, შვეიცარიელთა ერთადერთი მიზანი საქართველოს ნაკრების დამარცხებაა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის გუნდს, 8 ქულით მეოთხე ადგილზეა, შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგულია, მოახლოებული მატჩი კი ერთა ლიგის პლეი ოფისთვის მზადების მორიგ ეტაპად უნდა განვიხილოთ. 

საქართველოს ნაკრები თბილისში შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა
📸 | POPSPORT.COM

შემადგენლობა და დანაკლისი

ტრავმების გამო, ვაისის განაცხადში ვერ მოხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ლაშა დვალი. მოგვიანებით, დაშავებულ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდნენ ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე. ვაისმა განაცხადს მიღმა დატოვა საბა კვერკველია. დანაკლისის ფონზე, სლოვაკმა შემადგენლობას საბურთალოს მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაამატა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის გერმანიაში მოემზადა
📸 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

დიდი დანაკლისი აქვს შვეიცარიის ნაკრებს. პეტკოვიჩის გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა როგორც საქართველოსთან, ისე გიბრალტართან მატჩებში. ტრავმირებულები არიან: ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შერი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, მარიო გავრანოვიჩი და იოზიპ დრმიჩი. 

“საკადრო პრობლემები ნამდვილად გვაქვს. ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბებში ისე ხშირად არ ათამაშებენ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჯანმრთელ მოთამაშეებს შორის საუკეთესო 23 გამოვიძახე,” - განაცხადა პეტკოვიჩმა შემადგენლობის დასახელებისას. მან ნაკრებში სენტ გალენის 22 წლის შემტევი სედრიკ იტენი გამოიძახა, რომელიც, შესაძლოა, საქართველოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყოს.

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი და სედრიკ იტენი
📸 | Blick

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიპციგი), იონას ომლინი (ბაზელი), იან ზომერი (გლადბახი).

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (ბორდო), ერაი კომერტი (ბაზელი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მიკაელ ლანგი (ვერდერი), სტეფან ლიხტშტაინერი (აუგსბურგი), კევინ მბაბუ (ვოლფსბურგი), ჟაკ-ფრანსუა მუბანჯე (დინამო ზაგრები), რიკარდო როდრიგესი (მილანი).

ნახევარმცველები: დენის ზაკარია (გლადბახი), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოიზი), ედიმილსონ ფერნანდესი (მაინცი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (აინტრახტი), რენატო შტეფენი (ვოლფსბურგი), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), სედრიკ იტენი (სენტ გალენი).

ფორვარდები: ალბიან აიეტი (ვესტ ჰემი), ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა).

რას გადაწყვეტს ვაისი?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს, ვაისი ფრთხილი მწვრთნელია და ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. შვეიცარია გიბრალტარი არ არის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს შანსი და სავარაუდოდ, სლოვაკი მწვრთნელი ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს დაეყრდნობა. 

ვაისი 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან გასვლით შეხვედრაში, შესაძლოა, სქემამ მცირე ტრანსფორმაცია განიცადოს. დიდია შანსი, სლოვაკმა სამი საყრდენი ნახევარმცველი დააყენოს და კანკავა-კიტეიშვილის ტანდემს ვაკო გვილია დაამატოს. შესაძლოა მესამე საყრდენი ნიკა კვეკვესკირიც იყოს, მაგრამ ეს მის სათამაშო კონდიციაზეა დამოკიდებული. ანანიძის და ოქრიაშვილის არყოფნაში, ძირითადში მოხვედრის კარგი შანსი აქვს გიორგი ხარაიშვილს, რომელმაც ბოლო სანაკრებო შეხვედრაში გიბრალტართან გოლი გაიტანა. უალტერნატივოდ მოჩანს ვაკო ყაზაიშვილი, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი გიორგი ქვილითაია იქნება. თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდებია და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ვაისი.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი

უარყოფითი სტატისტიკა

შვიცარიის ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ევროპულ ქვეყნებს შორის კი მე-8 პოზიციაზე გახლავთ. შედარებისთვის, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 90-ე ადგილზეა. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა შვეიცარიელებს აქვთ. 

პირველად, საქართველოს და შვეიცარიის ნაკრები გუნდების გზები 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. პირველი მატჩი ბაზელში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. მაშინ, შვეიცარიის ნაკრებში ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი, როგირებიც ჰაკან იაკინი, შტეფან შაპუიზა, ალექსანდერ ფრაი და პატრიკ მიულერი იყვნენ. ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების რიგებში შოთა არველაძემ გაიტანა.

საპასუხო მატჩი თბილისში 0:0 დამთავრდა. შვეიცარიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო. მესამე მატჩი მიმდინარე შესარჩევში შედგა და როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, შვეიცარიელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

საქართველო 0:2 შვეიცარია. ზაკარიას გოლი

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს და შვეიცარიის ნაკრებებს ერთმანეთთან სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. ორი მატჩი შვეიცარიამ მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.

⚽ საქართველოს და შვეიცარიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 6:1 შვეიცარიელთა სასარგებლოდ.

⚽ შვეიცარიასთან შეხვედრა ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე მე-40 იქნება. 

⚽ სლოვაკი სპეციალისტის ანგარიშზე დღემდე 15 მოგება, 12 ფრე და 12 მარცხია.

⚽ ვაისის მწვრთნელობით საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი, 15 მატჩი მოიგო. ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას 13-13 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

⚽ შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ევროპულ ქვეყნებს შორის კი მე-8 პოზიციას იკავებს.

⚽ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო (4-3-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, გვილია, კიტეიშვილი - ხარაიშვილი, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, აკანჯი, ელვედი, ბენიტო - ზაკარია, ჯაკა - იტენი, ფროილერი, ვარგასი - სეფეროვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები