Thumbnail
  • ოქროს ბურთის მოულოდნელი კანდიდატები
  • დღეს ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ისინი შორტლისტში იყვნენ

ოქროს ბურთის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. საფეხბურთო სამყაროში ხშირად მიდის კამათი, თუ ვის ეკუთვნოდა, ან არ ეკუთვნოდა ოქროს ბურთი. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ისეთი მოთამაშე ხვდება, რომლის იქ ხილვა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. გთავაზობთ 10 ფეხბურთელს, რომელთა ოქროს ბურთის 30-კაციან ნომინანტთა სიაში მოხვედრა ყველაზე დაუჯერებელია.

10. ადრიან მუტუ (2003)

ადრიან მუტუს კარიერა კარგად არ აეწყო

ცოტას თუ შეუძლია, განმარტოს, რატომ მოხვდა მუტუ 2003 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში. მუტუ მაშინ ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა და კარგი დასაწყისიც ჰქონდა(4 გოლი 3 მატჩში), თუმცა მისი კარიერა ვერ აეწყო. რუმინელი ხშირად ეხვეოდა სკანდალებში. ადრიანის სახელი სკანდალებს უფრო უკავშირდება, ვიდრე გოლებს.

9. ნევილ საუთჰოლი (1988)

ნევილმა 1988 წლის ნომინანტთა შორის ბოლო ადგილი დაიკავა

უელსელი მეკარე დიდი ხნის განმავლობაში ევერტონის საკუთრება იყო, თუმცა ხშირად იგი იჯარით სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა. მეკარის ნომინანტთა სიაში მოხვედრა ხშირი არც მაშინ იყო და არც ახლაა. ნევილმა 1988 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.

8. დინ სანდერსი (1991)

სანდერსის ხილვა წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში გასაკვირია. იმ წელს დინი დერბიში თამაშობდა, რომელიც 5 მოგებით ინგლისის ჩემპიონატში ბოლო, მე-20 ადგილზე გავიდა და უმაღლესი გათამაშებიდან გავარდა. სანდერსმა კლუბი დატოვა და ლივერპულს შეუერთდა, სადაც უკეთ ათამაშდა.

7. ჯენარო გატუზო (2006)

გატუზომ 2006 წელს იტალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

2006 წელს ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თუმცა პოზიციით ჩამშლელმა ნახევარმცველმა, იმ წელს სხვა დიდი ტურნირის მოგება ვერ შეძლო. გატუზო მილანში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და გაათავისუფლეს.

6. ტომას ბროლინი (1994)

ბროლინი პრემიერლიგის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტრანსფერად მიიჩნევა

ბროლინი დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტრანსფერად პრემიერლიგის ისტორიაში. შვედი 1995 წელს ლიდსში გადავიდა, სადაც ფანებმა მასზე დამცინავი სიმღერა შექმნეს სახელწოდებით “ვინ შეჭამა ყველა ღვეზელი?”. უნდა ითქვას ისიც, რომ ტომასი ერთ-ერთ უნიჭიერეს ნახევარმცველად მიიჩნეოდა. იგი 1994 წელს პარმაში ასპარეზობდა და ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

5. ჯონ იანსენი (1992) 

იანსენი ევრო 92-ის ტრიუმფატორია

იანსენმა დანიის ნაკრებთან ერთად 1992 წელს ევროპის ჩემპიონატი ყველასათვის მოულოდნელად მოიგო. კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა იანსენის წლის საუკთესო მოთამაშეთა სიაში ხილვა. მან სულ 3 ხმა დააგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. დანიელი ამავე წელს არსენალში აღმოჩნდა, სადაც 98 თამაშში ერთი გოლის გატანა მოახერხა. არსენალის ფანებში გაჩნდა სახალისო ფრაზა “მე იქ ვიყავი, როდესაც ჯონ იანსენმა გოლი გაიტანა”. 

4. ჰარი კიუელი (2001)

ჰარი ლიდსიდან ლივერპულში აღმოჩნდა

ჰარი 2001 წელს ლიდს იუნაიტედში თამაშობდა. ინგლისურმა კლუბმა იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც ვალენსიასთან ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარხცდა. ავსტრალიელი ფეხბურთელი ლიდსის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მისი შეძენით ბარსელონა და მილანი ინტერესდებოდა, საბოლოოდ ჰარი ლივერპულში აღმოჩნდა. 2001 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის იყო მისი თანაგუნდელი რიო ფერდინანდიც, თუმცა ორივე მათგანმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.

3. იური ჟირკოვი (2008)

ჟირკოვი ევრო 2008-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

რუსმა ფეხბურთელმა თავი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩნა, სადაც ნაკრებთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ნაკრები ესპანეთთან 0:3 დამარცხდა, თუმცა გუნდისთვის მიღწეული შედეგი უკვე წარმატება იყო. ჟირკოვი ასევე მოხვდა ტურნირის სიმბოლურ გუნდში. იური 2009 წელს ჩელსიში აღმოჩნდა, თუმცა ტრავმიანობის გამო მისი ინგლისური კარიერა ვერ აეწყო. ვეტერანი ამჟამად სამშობლოში თამაშობს, სადაც ზენიტის ღირსებას იცავს.

2. ტრიფონ ივანოვი (1996)

ბულგარელი მცველი ოქროს ბურთის სიაში მოულოდნელად მოხვდა

ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთს ცოტა დააკლდა და ჯგუფურ ეტაპს დაძლევდა. ბულგარელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ მეორე ადგილზე გასულ ესპანეთს. ივანოვი პოზიციით მცველი იყო და მისმა ნაკრებმა 3 თამაშში 4 გოლი გაუშვა, რაც მაინცდამაინც კარგი შედეგი არაა. ტრიფონი მოულოდნელად მოხვდა 1996 წლის ოქროს ბურთის სიაში, სადაც მხოლოდ 3 ხმა მიიღო, თუმცა აჯობა ისეთ მეტოქეებს, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი(1 ხმა), მანუელ რუი კოშტა (2 ხმა) და ლუიშ ფიგუ (1 ხმა).

1. ტრაიანოს დელასი (2004)

ტრაიანოსმა საბერძნეთთან ერთად ევრო 2004 მოიგო

2004 წლის ევროპის ჩემპიონატი ყველასთვის მოულოდნელად საბერძნეთი ნაკრებმა მოიგო. ბერძნებმა ფინალში ტურნირის მასპინძელი პორტუგალია ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ამავე წელს, ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის 4 ბერძენი მოხვდა: გუნდის კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი, მეკარე ანტონიოს ნიკოპოლიდისი, ფინალში გოლის გამტანი ანხელოს ხარისტეასი და დაცვის ბურჯი ტრაიანოს დელასი. ყველაზე მოულოდნელი სწორედ ამ უკანასკნელის სიაში მოხვედრაა.

      

კომენტარები

ბოლო ამბები