Thumbnail
  • როგორ შეიცვალა ლეიკერსის თამაში
  • ფოგელთან ერთად, გუნდის დაცვა ლიგაში საუკეთესოა
  • ლებრონ ჯეიმსი თავის თამაშს ცვლის, უფრო ხშირად გამთამაშებლის პოზიციაზეა
  • კლიპერსთან პოტენციური სერია ენტონი დევისმა უნდა მოიგოს

კალიფორნიაში ღიმილი ბრუნდება - თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს, სამყაროს ყველაზე პოპულარულ საკალთბურთო გუნდს, კვლავ საჩემპიონო ამბიცია აქვს და NBA-ს ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ლეიკერსს ძალიან კარგი სტარტი აქვს და 11 თამაშში 9 მოგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდში ენტონი დევისი მოვიდა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ლეიკერსს სრულიად ახალი გუნდი ჰყავს. როგორ თამაშობს ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის ლეიკერსი, რა შეცვალა ფრენკ ფოგელმა კალიფორნიელთა თამაშში, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები - ეს ყველაფერი პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

ფრენკ ფოგელის ეფექტი, ანუ უკან 90-იანებში

სეზონის წინ, გამოკითხვის დროს, კითხვაზე, თუ ვინ იქნებოდა სეზონის საუკეთესო დაცვითი გუნდი, NBA-ს გენერალური მენეჯერების 52 პროცენტმა კლიპერსი უპასუხა (ეს არც არის გასაკვირი: კლიპერსის სამეული ლეონარდი-ჯორჯი-ბევერლი თავის პოზიციაზე დაცვაში საუკეთესოა), ლეიკერსს კი არცერთი ხმა არ მიუღია. მენეჯერების პოზიცია გასაგებია: წლების მანძილზე ლეიკერსს NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავდა - 2015-2017 წლებში კი გუნდის დაცვა, არცთუ საპატიო, 30-ე ადგილზე იყო ლიგის 30 გუნდს შორის.

თუმცა, მათ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს: ამ სეზონის წინ, ლეიკერსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუკ უოლტონი ფრენკ ფოგელმა შეცვალა. ლეიკერსის მენეჯმენეტის გზავნილი გასაგები იყო: უოლტონი გოლდენ სტეიტის სისტემის ნაწილი და სტივ კერის მოწაფეა, თუმცა ლოს ანჯელესში გოლდენ სტეიტის ინოვაციურმა, შემტევმა სისტემამ ვერ იმუშავა. შეუძლებელია, ბრენდონ ინგრემსა და ლონზო ბოლს მოარგო ის სქემა, რომელსაც სიცოცხლისუნარიანად სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი აქცევენ.

ფოგელის მოსვლა კი იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი იცვლებოდა. ფოგელმა თავისი სამწვრთნელო სახელი ინდიანაში გაიკეთა. მისი ინდიანა ძალიან დაცვითი გუნდი იყო. ზედიზედ ოთხი სეზონის მანძილზე (2012-2016) ფოგელის ინდიანა NBA-ს საუკეთესო დაცვით ათეულში იყო, ზედიზედ ორი სეზონი კი ფოგელს საერთოდაც ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავდა.

ფოგელის დაცვის ეფექტი ლეიკერსში უკვე იგრძნობა - გუნდი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ანეკდოტურად ცუდად თამაშობდა დაცვაში, ამ სეზონის სტარტზე დაცვაში მთელს NBA-ში საუკეთესოა - არადა, დაცვის მხრივ საუკეთესო გუნდების თუნდაც ათეულში ლეიკერსი 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მარცხენა ვერტიკალურ ზოლში მითითებულია ლეიკერსის დაცვის ადგილი ლიგაში 

შენიშვნა: სტატისტიკური მონაცემები შედგენილია პირველი ათი თამაშის მიხედვით და არ ითვალისწინებს ლეიკერსი-გოლდენ სტეიტის თამაშის მონაცემებს.

თანამედროვე, ძალიან შემტევ NBA-ში მეტოქეს რეგულარული სეზონის მატჩში 100 ქულა არ ჩააყრევინო, ძალიან რთული ამოცანაა. ლეიკერსმა კი სეზონის სტარტის პირველ 11 შეხვედრაში 5-ჯერ არ ჩააგდებინა მეტოქეს 100 ქულა. იმ ფონზე, როდესაც ლეიკერსის შეტევა 100 პოზიციაზე ჩაგდებული 106.2 ქულით, ეფექტურობის მხრივ, ლიგის 30 გუნდს შორის მხოლოდ მე-19 ადგილზეა, მათი დაცვა 100 პოზიციაზე მიღებული მხოლოდ 98.1 ქულით საუკეთესოა და თამაშში თითქმის 10 ქულით ნაკლებს იღებს თავს კალათში, ვიდრე ლიგის საშუალო მაჩვენებელია (106.7 ქულა - საშუალო მაჩვენებელი NBA-ში). +10 ქულა ძალიან დიდი სხვაობაა.

საშუალო მაჩვენებელი შეტევაში, საუკეთესო - დაცვაში

ერთი მონაცემი შედარებისთვის: გასულ სეზონში საუკეთესო მილუოკის დაცვა 100 პოზიციაზე თითქმის 7 ქულით მეტს იღებდა თავის კალათში, ვიდრე წლევანდელი ლეიკერსი და ეს იმის ფონზე, რომ ფოგელის გუნდს სეზონის სტარტზე იოლი კალენდარი არ ჰქონია, მათ უკვე ითამაშეს ეფექტურობის მხრივ მეორე საუკეთესო შეტევის (დალასი) და მეოთხე საუკეთესო შეტევის (კლიპერსი) წინააღმდეგ.

ფოგელს დაცვის თამაშისთვის კარგი მასალა შეხვდა: ლეიკერსს ერთდროულად ხუთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, NBA-ს წლის საუკეთესო დაცვითი გუნდის წევრად იყვნენ არჩეულნი. ამავე დროს, ლეიკერსს, რომელიც მეორე ყველაზე ასაკოვანი გუნდია ლიგაში, ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, რაც მათ დაცვას მხოლოდ ეხმარება. ლეიკერსის დაცვა მეტოქეებს ბურთს ძალიან ხშირად აკარგვინებს (ლიგაში მესამე ამ კომპონენტში) და ცუდ სროლებს აიძულებს (ლეიკერსი იმ გუნდების სამეულში შედის, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე დაბალი პროცენტით ისვრიან).

ფოგელმა დაცვაში თამაშის გაუმჯობესებისთვის დააგდო თამაშის ტემპი. თუ წინა სეზონებში ლეიკერსი ცდილობდა სწრაფად ეთამაშა (გასულ სეზონში მეოთხე იყო სისწრაფის მხრივ), ფოგელის გუნდების სამარკო ნიშანი სწორედ ნელი ტემპია. ეს ბუნებრივია კიდეც - ასაკში შესულ ლებრონთან და გაბარიტულ ენტონი დევისთან ერთად, მაღალ ტემპში, სწრაფად, მორბენალი კალათბურთის თამაში რთული იქნებოდა.

ლეიკერსი თამაშის ტემპის მიხედვით ბოლო ათეულშია

ფოგელის სისტემის გარდა, ლეიკერსის დაცვის წარმატება იმისა დამსახურებაა, რომ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ლებრონი დაცვაში უფრო მონდომებულია, დუაიტ ჰოვარდი ცდილობს, რომ თავისი საუკეთესო წლები გაიხსენოს, მთავარი ფაქტორი კი ენტონი დევისია. დევისი სეზონის სტარტზე ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო დაცვითი „დიდია“ - როცა დევისი მეურვეობს, მეტოქეები თავისი სროლების კომიკურად ცოტა 23.1 პროცენტს აგდებენ. იმ წუთებში, როცა დევისი სკამზეა, ლეიკერსის მეტოქეებს ზუსტი სროლების 63.8 პროცენტი აქვთ, პარკეტზე დევისთან ერთად კი - 56.1.

მგონია, რომ წელს გარდატეხის წელია. წლების მანძილზე, საკალათბურთო ტენდენციას გოლდენ სტეიტი ქმნიდა თავისი მოძრავი, სინქრონული და სამქულიანებზე დაფუძნებული კალათბურთით. შარშანდელი ტორონტო რეპტორსის ფინალში გამარჯვება იმასაც ნიშნავდა, რომ კალათბურთი გოლდენ სტეიტის ინოვაციური სისტემიდან უფრო ტრადიციულ საფუძვლებს უბრუნდებოდა. ტორონტოს 90-იანების და 2000-იანების დასაწყისის გუნდების ბევრი მახასიათებელი ჰქონდა - სამწამიანში დომინანტური გასოლი და იბაკა, აქცენტი დაცვასა და ათლეტიზმზე, კავაი ლეონარდის იზოლაციები შეტევაში. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება - NBA-ს ორი ფავორიტი, ლეიკერსი და კლიპერსი დაცვითი გუნდებია. ლეიკერსი კი, რომელიც NBA-ს 30 გუნდს შორის ბოლო სამეულშია ნასროლი და ჩაყრილი სამქულიანების და პერიმეტრიდან ზუსტი სროლების პროცენტის მიხედვით, NBA-ს ლიდერობს დაცვითი სისტემის, ლებრონის იზოლაციების და დომინანტური „დიდის (ენტონი დევისი)“ წყალობით.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩვენ დაცვითი გუნდი ვართ და ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ვიყოთ. ჩვენი სურვილია, რომ NBA-ს საუკეთესო დაცვა გვყავდეს.“

ლებრონ ჯეიმსის ევოლუცია

წლების წინ, ენტონი დევისის ტიპის მოთამაშეს ლებრონის გუნდში ვერავინ წარმოიდგენდა. დევისი ყველაზე ხშირად სწორედ ლებრონის ზონიდან უტევს (0-3 მეტრამდე დისტანციიდან მისი სროლების უმეტესობა, 55 პროცენტი, სრულდება). კარიერის მანძილზე, ლებრონს მხოლოდ ორ „დიდთან“ უთამაშია, რომლებიც მის გუნდში სტაბილურად ყრიდნენ - კრის ბოში და კევინ ლავი. მათაც, იმისთვის, რომ ლებრონისთვის სამწამიანი გაეთავისუფლებინათ, სამწამიანიდან გამოსვლა და გრძელი ორიანების და სამქულიანების სროლა უწევდათ.

ენტონი დევისი ასევე ფლობს გრძელ და საშუალო სროლებს, თუმცა თამაშის დიდ ნაწილს ფართან ახლოს, ლებრონის ზონებში, ატარებს. ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ლებრონი, ასაკში შესვლასთან ერთად, იძულებულია, თავისი თამაში შეცვალოს - ეს არ არის უკეთესი ლებრონი, ეს სხვანაირი ლებრონია. ამაში რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გვარწმუნებს.

მაიამის და კლივლენდში მეორედ მისვლის პირველი წლების ლებრონი ალბათ აღარასოდეს დაბრუნდება, ეს იყო მოთამაშე, რომელიც თავისი სისწრაფის და ათლეტიზმის წყალობით, სამწამიანში შეუჩერებელი იყო. 0-1 მეტრამდე დისტანციიდან (ანუ შესვლები და ჩატენვები) ლებრონი 2007 წლის შემდეგ ყოველ სეზონში თავისი სროლების 70 პროცენტზე მეტს აგდებდა - იანის ანტეტოკუნმპო თავისი ფენომენალური ათლეტიზმით ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც მსგავსი სტატისტიკა აქვს. სხვა NBA-ში არავინ მინახავს, ვინც შესვლის დროს ლებრონივით ასე შეუჩერებელი ყოფილიყო.

ამ სეზონში ლებრონი 0-1 მეტრამდე დისტანციიდან თავისი სროლების 64.8 პროცენტს აგდებს - რეგრესი აშკარაა. ეს ბუნებრივია, წლების გასვლასთან ერთად, ლებრონის ათლეტიზმი და სისწრაფე არ მოიმატებს და სულ უფრო ხშირად შეხვდება ცენტრებსა და ფორვარდებს, რომლებიც მის დაფარებას შეძლებენ.

ამ სეზონში ლებრონი ორქულიანების 52.9 პროცენტს აგდებს - 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. ათლეტიზმის წასვლასთან ერთად, 34 წლის ლებრონი სულ უფრო ხშირად ისვრის სამქულიანებს - ანუ სროლას, რომელიც დიდ ფიზიკურ ძალას (შესვლა, მეტოქესთან ფიზიკური ბრძოლა) არ მოითხოვს.

სამქულიანებს სულ უფრო დიდი ნაწილი უკავიათ ლებრონის სროლებში

ლებრონი სამიანების ძალიან კარგი მსროლელი არასოდეს ყოფილა. სხვადასხვა სეზონში მისი პროცენტი 31.4-დან (საშუალოზე დაბალი) 36.7-მდე (საშუალოზე ოდნავ მაღალი) მერყეობდა. მისი სროლა პერიმეტრიდან უკეთესი არ გამხდარა, თუმცა ლებრონი მაინც სულ უფრო ხშირად ისვრის სამიანებს - ბოლო 4 სეზონია, იგი პირველად თავის კარიერაში, თამაშში 5-ზე მეტ სამქულიანს ისვრის.

ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური დეტალი: 2010 წლის შემდეგ, ყველა სეზონში, ლებრონის სამიანების ნახევარი მაინც პასის შედეგად სრულდებოდა - ანუ, პარტნიორი თავისუფალ ლებრონს პერიმეტრზე ნახულობდა და ისიც ისროდა. ბოლო სამი წელია, ლებრონის პასის შემდეგ ნასროლი სამიანების წილი 40 პროცენტს არ ცდება. ანუ, ლებრონს ბურთი ხელში უჭირავს და როცა შეტევის სხვა გაგრძელებას ვერ ნახულობს, სამიანს ისვრის. მოკლედ რომ ვთქვათ,რაც უფრო ასაკში შედის ლებრონი, მით უფრო ნაკლებად თამაშობს სამწამიანში, იმ ზონაში, სადაც ათლეტიზმი და ფიზიკური ძალა სჭირდება და უფრო მეტად გამოდის გარეთ, პერიმეტრისკენ.

კარგი ის არის, რომ ლებრონი, თუნდაც ნაკლებად ათლეტური, თავისი საკალათბურთო ინტელექტის და თამაშის გაგების ხარჯზე, კვლავ რჩება ლიგის საუკეთესო მოთამაშეების სამეულში. ასაკში შესვლასთან ერთად, ის უფრო და უფრო ხშირად ირგებს და მოირგებს გამთამაშებლის ფუნქციებს, აკონტროლებს თამაშის ტემპს, ანაწილებს ბურთს, აკეთებს შედეგიან გადაცემებს - ამ თვისებებით იგი NBA-ს საუკეთესო გამთამაშებლებს არ ჩამოუვარდება.

წინა სეზონებში ეს პრობლემა იყო - ლებრონი ვალდებული იყო, რომ ბევრი ჩაეყარა, მას დამხმარე სუპერვარსკვლავი არ ჰყავდა. ახლა მას შეუძლია, ჩაყრა და სამწამიანი ენტონი დევისს დაუთმოს, თავის პირველ ფუნქციად კი ბურთის გათამაშება და სროლების შექმნა დაიტოვოს. ლეიკერსს არ ჰყავს ელიტური გამთამაშებელი და ლებრონის ახალი სტილი ამ ფორმაციის ლეიკერსს იდეალურად ერგება. დევისი ლებრონს სამწამიანში დააბალანსებს, ფარიდან უფრო მოშორებით მოთამაშე ლებრონი კი ბურთის გათამაშებას აიღებს თავის თავზე. სეზონის სტარტზე ლებრონის სამმაგი დუბლები და შედეგიან გადაცემებში დამყარებული რეკორდები შემთხვევითი არ არის, ჩვენ ახალი ფორმაციის ლებრონს ვუყურებთ.

ენტონი დევისის ფაქტორი

ენტონი დევისთან ერთად, ლებრონს ჰყავს იმ კლასის და კალიბრის თანაგუნდელი, რომელიც 2012-2014 წლების დუეინ უეიდის შემდეგ აღარ ჰყოლია. დიდი ანალიზი არ სჭირდება, რომ დევისთან ერთად ლეიკერსს არამხოლოდ ლიგაში საუკეთესო „დიდი“ (ბოდიში ჯოელ ემბიიდს) ჰყავს, არამედ ორი მოთამაშე, რომელიც NBA-ს საუკეთესო ხუთეულში შედის.

როდესაც ლებრონი და დევისი ერთად არიან პარკეტზე, ლეიკერსი 100 პოზიციაზე მეტოქეს საშუალოდ ასტრონომიული 16.1 ქულით უგებს. ეს ყველა იმ დუეტს შორის, რომელსაც ამ სეზონში 200 წუთზე მეტი აქვს ნათამაშები, მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

დევისის დაცვაზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე, რაც შეეხება, შეტევას, ლებრონმა სეზონის სტარტზე განაცხადა, რომ შეტევაში ლეიკერსი უპირველეს ყოვლისა სწორედ ენტონი დევისზე აეწყობოდა. ასეც ხდება - დევისი ლეიკერსს ლიდერობს ჩაგდებული ქულების, სროლების რაოდენობის და შეტევაში ჩართულობის მიხედვით.

დევისს ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია ჩაგდება. ლეიკერსისთვის კარგი ის არის, რომ ენტონი დევისი ცენტრის პოზიციაზეც ეფექტურია და მაშინაც, როცა მძიმე ფორვარდად თამაშობს და ცენტრის პოზიციას დუაიტ ჰოვარდს უთმობს. ჰოვარდი ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, იმ წუთებში, როდესაც ის და დევისი ერთად თამაშობენ, სპეციალისტების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ლეიკერსის ულტრამძიმე შემადგენლობა მეტოქეს შანსს არ უტოვებს.

ჰოვარდი-დევისის წყვილი მეტოქეს შანსს არ უტოვებს

100 პოზიციაზე დევისი-ჰოვარდის წყვილის წინააღმდეგ მეტოქეები მხოლოდ 85 ქულას აგდებენ. ამ წყვილთან ერთად, ლეიკერსის სამწამიანში შესვლას მეტოქისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს.

ენტონი დევისი - ჯოკერი კლიპერსის წინააღმეგ

დევისი ლეიკერსს განსაკუთრებით პლეი ოფში გამოადგება. მთელი საკალათბურთო სამყარო ელოდება პლეი ოფში სეზონის მთავარი ფავორიტების ლეიკერსის და კლიპერსის დაპირისპირებას. კლიპერსს პერიმეტრზე ჯოჯოხეთურად ძლიერი დაცვითი სამეული ჰყავს - პოლ ჯორჯი, კავაი ლეონარდი და პატრიკ ბევერლი. მეტოქის გამთამაშებლებსა და მსროლელებს კლიპერსის წინააღმდეგ წარმოუდგენლად გაუჭირდებათ. პოლ ჯორჯი ჯერ ტრავმიდან არ დაბრუნებულა, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კლიპერსის დაცვა, კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ლებრონ ჯეიმსისთვის. კლიპერსთან პოტენციურ შეხვედრაში მას ერთდროულად სამი ისეთი ოპონენტი ეყოლება, რომელთა დაჩაგვრაც თითქმის წარმოუდგენელია. კლიპერსთან ის სერია იქნება, რომელსაც ლებრონი გარანტირებულად მარტო ვერ მოიგებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

სამაგიეროდ, კლიპერსს არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ენტონი დევისისგან სამწამიანს დაიცავს - ამ კლასის და გაბარიტების მქონე ცენტრი კლიპერსის შემადგენლობაში უბრალოდ არ არის. კლიპერსის დაცვა პერიმეტრზეა საუკეთესოა, თუმცა დევისი სამწამიანს უტევს. თუკი ლეიკერსს კლიპერსთან მოგება უნდა, ეს ენტონი დევისმა უნდა გააკეთოს - ლეიკერსის გამარჯვების შემთხვევაში ეს გარანტირებულად ენტონი დევისის სერია იქნება.

ლეიკერსი კიდევ მოუმატებს

ზემოთ ვახსენე, რომ ლეიკერსი NBA-ში ბოლო სამეულშია ნასროლი და ჩაგდებული სამქულიანების მიხედვით. ფოგელის გუნდი ლიდერი ამ კომპონენტში ალბათ ვერ იქნება, თუმცა ეს მაინც უცნაურია, რადგან ლეიკერსს სამქულიანების ბევრი კარგი მსროლელი ჰყავს (კუზმა, კოლდუელ-პოპი, ქვინ კუკი, დენი გრინი, ევერი ბრედლი) და ვერავინ ლიგაში ვერ ქმნის ისე თავისუფალ სამიანებს მსროლელებისთვის, როგორც ლებრონ ჯეიმსი. სეზონის სტარტზე ლეიკერსის მსროლელები დენი გრინის გარდა უფრო ცუდად ისვრიან, ვიდრე მათი კარიერული მაჩვენებელია.

დენი გრინის გარდა ლეიკერსის არცერთ მსროლელს სროლა არ მისდის

კაელ კუზმა, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, ახლა შედის ფორმაში და ის აუცილებლად მოუმატებს. ასევე რთული წარმოსადგენია, რომ სხვა მსროლელებსაც ასე ერთბაშად დაავიწყდეთ სროლა. შედეგად, თითქმის გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეიკერსი სამქულიანების ჩაგდებას უკეთ დაიწყებს და შეტევაში მათი შედეგიანობა მოიმატებს. სიმპტომატური იყო ფინიქსთან ბოლოსწინა თამაში, როდესაც ლებრონს და დევისს საუკეთესო დღე არ ჰქონდათ, თუმცა ლეიკერსს კაელ კუზმამ და სხვა მეორე პლანის მოთამაშეებმა მოაგებინეს.

მთავარი პრობლემა

თუკი პლეი ოფამდე ლეიკერსი შეძლებს, რომ სათადარიგო სკამზე კიდევ ერთი გამთამაშებელი ან ჩამყრელი დაიმატოს, რომელიც ლებრონს დაეხმარება, ეს, ფაქტობრივად, იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი იქნება. რონდოსთან ერთად, რომელსაც სროლა არ აქვს, ლეიკერსს ჩაყრა უჭირს, მის გარეშე კი ლებრონის გარდა, არავინ ჰყავს, რომ ბურთი გაათამაშოს. პლეი ოფში ეს შესაძლოა პრობლემა იყოს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ტრავმები. რომელიმე ლიდერის ტრავმა ლეიკერსს დიდ დარტყმას მიაყენებს, გუნდის სკამზე მათი პოტენციური შემცველელი არ ჩანს. მოკლედ, ლეიკერსს ერთი კარგი ტრეიდი სჭირდება, დაახლოებით ისეთი მოთამაშისთვის, როგორც მაგალითად, კლიპერსის ლუ უილიამსია.

ენტონი დევისთან ერთად ლებრონ ჯეიმსს შეუძლია, თავისი თამაში მშვიდად გადააწყოს. ფრენკ ფოგელის დაცვითი სისტემა კარგად მუშაობს და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ლეიკერსი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ყველაზე პოპულარული საკალათბურთო გუნდის გულშემატკივარი, კალიფორნიულ გუნდს სულ მცირე კონფერენციის ფინალში მაინც იხილავს. დიდი ალბათობით კი, კლიპერსი - ლეიკერსის ეპიკური დაპირისპირება ამ სეზონის მთავარი ინტრიგა იქნება - ამ სეზონში ლოს ანჯელესისთვის ბრძოლა სრულიად NBA-სთვის ბრძოლად იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები