Thumbnail

‘მე მათ კაირის და კევინის გარეშე ვეთამაშე’ - ლებრონს გოლდენ სტეიტი არ ეცოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 120:94 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • ლებრონ ჯეიმსმა მატჩის შემდეგ თქვა ის, რისი თქმაც დიდი ხანია, სურდა

შარშან, ლეიკერსისა და გოლდენ სტეიტის დუელი აბსოლუტური ტოპ-მატჩი იქნებოდა, წელს კი ყველაფერი სხვანაირად, მარტივად იყო. ლეიკერსმა ტრავმირებული ვარსკვლავების გარეშე დარჩენილი უორიორსი 120:94 დაამარცხა, ლებრონ ჯეიმსმა კი 23 ქულა და 12 პასი გააკეთა.

მატჩის შემდეგ, ჯეიმსს ჰკითხეს, არის თუ არა უცნაური მისთვის ისეთ გოლდენ სტეიტთან თამაში, რომელიც კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

“არა. მე მათ წინააღმდეგ ფინალებში კაირი ირვინგის და კევინ ლავის გარეშე ვითამაშე. ასე რომ... არა!” - ასეთი იყო ლებრონის პასუხი. ჯეიმსი, როგორც მიხვდით, NBA-ს 2015 წლის ფინალურ სერიას გულისხმობს, რომელიც მისმა კლივლენდ კავალიერსმა გოლდენ სტეიტთან 6 თამაშში წააგო. კევინ ლავს ტრავმის გამო მაშინ მთელი სერია გაუცდა, კაირი ირვინგი კი პირველ თამაშში დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ახლა უორიორსს სტეფ კარი და კლეი ტომპსონი ჰყავს ტრავმირებული.

გოლდენ სტეიტთან ლეიკერსს ენტონი დევისი ვერ დაეხმარა, თუმცა ლებრონის გუნდს უორიორსთან გამარჯვების მოპოვება მაინც არ გაუჭირდა. ლეიკერსი 9 მოგებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, გოლდენ სტეიტს კი მხოლოდ 2 მოგება და 10 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზეა.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 120:94 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები