Thumbnail
  • მოთამაშეები, რომლებასც ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ
  • განზრახ მიყენებული ტრავმები, კომენტარები პირად ცხოვრებაზე და სხვა ფაქტები

ფეხბურთის ისტორიას ბევრი რამ ახსოვს, მათ შორის თანაგუნდელების დაპირისპირება, როგორც კლუბებში, ასევე ნაკრებებში. ბოლო დროინდელი შემთხვევებიდან დასამახსოვრებელი სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის ურთიერთობა იყო, სულ ახლახან კი კონფლიქტი ჯო გომესსა და რაჰიმ სტერლინგსაც ჰქონდათ.

გთავაზობთ TOP 5 თანაგუნდელს, რომლებსაც ერთმანეთი სძულდათ.

1. იბრაჰიმოვიჩი და ვან დერ ვაარტი (აიაქსი)

ზლატანი და ვან დერ ვაარტი თანაგუნდელები ამსტერდამის აიაქსში იყვნენ 

2004 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რაფაელ ვან დერ ვაარტი ამსტერდამის აიაქსში თანაგუნდელები იყვნენ. ორივე ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდში სათამაშოდ გაემგზავრა, სადაც ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. შვედეთისა და ჰოლანდიის მატჩში ზლატანმა რაფაელს კოჭი დაუზიანა. ვან დერ ვაარტმა მიიჩნია, რომ იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა განზრახ მიაყენა.

"განზრახ არ დამიზიანებია და თქვენ ეს იცით. თუ კიდევ დამადანაშაულებ, ორივე ფეხს მოგამტვრევ", - თქვა მაშინ შვედმა. 

2. შერინგემი და კოული (მან იუნაიტედი / ინგლისი)

ენდი კოული ცვლის ტედი შერინგემს 

ენდი კოულის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 1995 წელს, ურუგვაის წინააღმდეგ შედგა. კოული მოედანზე 71 წუთშე შერინგემის ნაცვლად შევიდა. ენდი ამ მომენტს ცუდად იხსენებს:

"შევდივარ მოედანზე და ძალიან ბევრი გულშემატკივარი მაკვირდება. ტედი გამოდის, რა დროსაც ველოდი, რომ ხელს ჩამომართმევდა და წარმატებას მისურვებდა, თუმცა მან საერთოდ არ შემიმჩნია და მოედანი ისე დატოვა, რომ ხელიც არ ჩამომართვა. მიზეზი არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი".

მას შემდეგ მოთამაშეებს მოედანზე ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ.

3. მათეუსი და ეფენბერგი (გერმანია)

ლოთარი და შტეფანი კლუბშიც და ნაკრებშიც თანაგუნდელები იყვნენ

ორი მეომარი ნახევარმცველი, რომლებიც თანაგუნდელები, როგორც მიუნხენის ბაიერნში, ისე გერმანიის ნაკრებში იყვნენ. მათ გვერდიგვერდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უთამაშიათ, თუმცა ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. ეფენბერგის აზრით, მათეუსს სიმამაცე აკლდა.

შტეფანმა ლოთარს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ერთი თავი მიუძღვნა, სადაც ცარიელი ფურცელი ასეა დასათაურებული - "რა იცის ლოთარ მათეუსმა ფეხბურთის შესახებ".  

4. ვან ნისტელროი და კლუივერტი (ჰოლანდია)

რუუდს ფეხბურთის მიმართ პატრიკის დამოკიდებულება არ მოსწონდა

კლუივერტი ნიუკასლში ყოფნისას ხშირად ერთობოდა ღამის ცხოვრებით. რუუდ ვან ნისტერლოის კი ფეხბურთის მიმართ პატრიკის დამოკიდებულება არ მოსწონდა. ამ ყველაფერმა თავი ეროვნულ ნაკრებში იჩინა. ჰოლანდია ევრო 2004-ის პლეი ოფში შოტლანდიას ეთამაშებოდა. ჰოლანდიელებმა პირველი თამაში 0:1 დათმეს, მეორეში კი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს, სადაც რუუდმა 3 გოლის გატანა მოახერხა და თამაშის შემდეგ კლუივერტის მისამართით კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერს მე ვერ გავაკეთებ და ვერ ვიქნები ერთადერთი ჰოლანდიელი მოთამაშე, რომელიც გუნდს დაცვაშიც ეხმარება და შეტევაშიც დიდ სამუშაოს გააკეთებს", - თქვა მაშინ ნისტელროიმ.

5. ლემანი და კანი (გერმანია)

კანი და ლემანი ნაკრების ძირითადი მეკარეობისთვის იბრძოდნენ

ორივე ფეხბურთელი ცდილობდა გემანიის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე ყოფილიყო. ლემანმა არსენალში ადგილი დაკარგა და მის მაგივრად ძირითადში მანუელ ალმუნია აღმოჩნდა, მაშინ ამ ფაქტმა კანი ძალიან გაახარა. ამის საპასუხოდ ლემანმა განაცხადა: "მე არ მყავს 24 წლის შეყვარებული. ჩემი ცხოვრება განსხვავებულია".

მეკარეებს შორის ცუდი დამოკიდებულება 2006 წლის მუნდიალზე დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ იენს ლემანი დასახელდა, ოლივერმა კი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. მეოთხედფინალში ბუნდესნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა. შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. სერიის წინ კანი ლემანთან მივიდა, შეურიგდა და გაამხნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები