Thumbnail

კარიერას ამთავრებს, მაგრამ ფეხბურთში რჩება - დავიდ ვილიას სამომავლო გეგმები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი კარიერას ასრულებს
  • დავიდ ვილია ბუცებს ლურსმანზე წლის ბოლოს ჩამოკიდებს
  • უკვე ცნობილია, რას აპირებს ‘ფურია როხას’ ბომბარდირი

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი დავიდ ვილია დეკემბერში, იაპონიის J-ლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ, აქტიურ სპორტულ კარიერას დაასრულებს. 37 წლის ესპანელმა, რომელიც ახლა ვისელ კობეში თამაშობს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

“დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ. აზრი ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც ვკითხე. ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მანამდე მიმეღო, სანამ იძულებული გავხდებოდი, რომ ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა,” - განაცხადა ვილიამ, რომელიც ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ‘ფურია როხას’ შემადგენლობაში მას 98 მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი.

2008 წელს ვილიამ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2 წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საკლუბო კარიერაში ვილიას საუკეთესო მიღწევები ჩემპიონთა ლიგის მოგება (2011) და ესპანეთის ჩემპიონობაა (2011, 2013).

დავიდ ვილია ფეხბურთს აღარ ითამაშებს, მაგრამ ფეხბურთში რჩება! ესპანელი ქუინსბოროს ინვესტორი გახდა - ეს ნიუ იორკის ახალი ფრენჩაიზია, რომელიც 2021 წლიდან ამერიკის მეორე ლიგაში გამოსვლას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ვილია 2014-დან 2018 წლამდე MLS-ში თამაშობდა, სადაც ნიუ იორკის ღირსებას იცავდა.

დავიდ ვილია 2014-დან 2018 წლამდე MLS-ში თამაშობდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები