Thumbnail

Golden Foot 2019 - ლუკა მოდრიჩმა მესისა და რონალდოს აჯობა

  • რეალის ხორვატი ნახევარმცველი ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
  • 34 წლის ფეხბურთელმა ჯილდოსთვის ბრძოლაში მესისა და რონალდოს აჯობა

მადრიდის რეალის ხორვატმა ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ჯილდო Golden Foot მიაკუთვნეს, რომელსაც 29 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონიალი მონტე კარლოში გაიმართა.

34 წლის ხორვატ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა (2016/17) და ესპანეთის თასი (2013/14), ორჯერ ესპანეთის სუპერთასი (2012 და 2017 წლებში) და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული (2013/14, 2015/16, 2016/17 და 2017/18). ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შარშან ლუკა წლის ფეხბურთელად ფიფამ, უეფამ და ფრანს ფუტბოლმა დაასახელეს

მოდრიჩმა ჯილდოსთვის ბრძოლაში ლიონელ მესის (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდოს (იუვენტუსი), ტიაგო სილვას (პარი სენ-ჟერმენი), სერხიო რამოსს (რეალი), უეინ რუნის (დი სი იუნაიტედი), სერხიო აგუეროს (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი), ჯორჯო კიელინისა (იუვენტუსი) და ჟერარდ პიკეს (ბარსელონა) აჯობა.

ლუკა მოდრიჩი გახდა მე-17 ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო დაიმსახურა. Golden Foot-ის პირველი მფლობელი 2003 წელს რობერტო ბაჯო გახდა, მას შემდეგ კი ჯილდო პაველ ნედვედს, ანდრეი შევჩენკოს, რონალდოს, ალესანდრო დელ პიეროს, რობერტო კარლოსს, რონალდინიოს, ფრანჩესკო ტოტის, რაიან გიგზს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, დიდიე დროგბას, ანდრეს ინიესტას, სამუელ ეტო’ოს, ჯანლუიჯი ბუფონს, იკერ კასილიასსა და ედინსონ კავანის გადაეცათ.

კომენტარები

ბოლო ამბები