Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 111:85 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • გოგა ბითაძემ ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა
  • ლიეტუველმა დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა

ინდიანა პეისერსის მოგებათა სერია 4 მატჩამდე გაიზარდა! ვაშინგტონთან, დეტროიტთან და ორლანდოსთან მოგებული თამაშების შემდეგ, გოგა ბითაძის გუნდმა ოკლაჰომაც დაამარცხა. პეისერსმა ამჯერად 111:85 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, 20 წლის ქართველ ცენტრს ზედიზედ 4 მოგებული მატჩიდან მხოლოდ ერთში აქვს თავისი წვლილი შეტანილი. ვაშინგტონთან მოგებული თამაშის შემდეგ, რომელშიც ბითაძემ 13 ქულა ჩააგდო, ქართველს ტრავმის გამო აღარ უთამაშია.

ოკლაჰომასთან ინდიანამ ოთხივე პერიოდი მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მესამე მეოთხედი, რომელიც პეისერსმა 14-ქულიანი უპირატესობით, 34:20 მოიგო. ბითაძის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა.

მალკოლმ ბროგდონი და დომანტას საბონისი

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების რეიტინგის პირველ ოთხეულში გოგას თანაგუნდელები არიან: ტი ჯეი უორენმა 23 ქულა ჩააგდო, მალკოლმ ბროგდონმა - 20, დომანტას საბონისმა 18 ქულით და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო აარონ ჰოლიდეის ანგარიშზე კი 15 ქულაა. ოკლაჰომადან საუკეთესო იტალიელი დანილო გალინარი გახლდათ - მან 14 ქულა დააგროვა.

ინდიანა პეისერსს 11 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო და 4-ში დამარცხდა. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. რაც შეეხება ოკლაჰომას - სიტი თანდერი 4 მოგებით და 7 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს, სტუმრად, ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის ჰიუსტონ როკეტსთან გამართავს და იმედია, ქართველი ცენტრი ამ მატჩამდე სრულად გამოჯანმრთელდება.

📺 ვიდეო: ინდიანა 111:85 ოკლაჰომა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები