Thumbnail
  • აბრამაშვილი პირველი დაშვებისას წაიქცა
  • ქართველი სპორტსმენი 22-ში სლალომში იასპარეზებს

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ბოლო ქართველი სპორტსმენიც ჩაერთო. დღეს გამთენიისას თავის მეოთხე ოლიმპიადაზე იასპარეზა იასონ აბრამაშვილმა.

სამთო-მოთხილამურისთვის გიგანტურ სლალომში პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა. დისტანციის ბოლო ნაწილზე იასონმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, წაიქცა და შესაბამისად ვერც ფინიშის ხაზის გადაკვეთა მოახერხა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ცდა იასონს აღარ ჰქონდა. 

იასონ აბრამაშვილისთვის გიგანტური სლალომი პირველ ცდაზე დასრულდა

იასონ აბრამაშვილი: დღევანდელი გამოსვლით რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. ბოლო მონაკვეთში გავარდი. ტრასა სირთულეებით იყო დატვირთული, ისევე როგორც ბევრმა გამოცდილმა მოთხილამურემ, მეც წამიერი ტექნიკური შეცდომა დავუშვი და კარებს მიღმა აღმოვჩნდი.

პირველ ცდაზე ორმოცეულთან ახლოს ყოფნას ვგეგმავდი და მეორე ცდის შემდეგ 10-15 საფეხურით წინ წაწევას. ახლა ბედს სლალომში ვცდი, ოლიმპიურ თამაშებზეც და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზეც ამ დისციპლინაში ყოველთვის უკეთესი შედეგები მაქვს. 22 თებერვალს დაველოდოთ, დღეს განცდილი წარუმატებლობა შევეცდები სლალომში გამოვასწორო.

მარსელ ჰირშერის მეორე ოლიმპიური ოქრო

ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა უკვე პირველი ცდის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი გააქრო. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის კომბინირებულმა დრომ 2:18.04 შეადგინა, მეორე პოზიციაზე გასულ ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსონს მან 1.27 წამით აჯობა. ჰირშერს 1.31-ით ჩამორჩა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ფრანგი ალექსის პინტურო.

მარსელ ჰირშერი სლალომშიც ფავორიტი იქნება

გიგანტურ სლალომში მოპოვებული ოქრო მარსელ ჰირშერისთვის მიმდინარე თამაშებზე უკვე მეორე უმაღლესი სინჯის მედალია. იგი გახდა პირველი მამაკაცი სამთო-მოთხილამურე, თანამემამულე ბენჟამინ რაიხის შემდეგ, რომელმაც ორი ოქროს მოგება ერთ ოლიმპიადაზე შეძლო. რაიხმა ეს 2006 წელს, ტურინში გააკეთა.

წარუმატებელი გამოდგა საასპარეზო დღე მოქმედი ჩემპიონი ამერიკელისთვის, ტედ ლიგეტისთვის. როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, "მისტერ გიგანტური სლალომი" პოდიუმზე ვერ მოხვდა, ავსტრიელ ჩემპიონს იგი 3.21-ით ჩამორჩა და საბოლოოდ მე-15 დრო აჩვენა.

კომენტარები

ბოლო ამბები