Thumbnail
  • ალექსანდერ ზვერევმა ATP Finals სენსაციური გამარჯვებით დაიწყო
  • გერმანელმა რაფაელ ნადალი 2 სეტში დაამარცხა
  • ზვერევი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია

ალექსანდერ ზვერევმა ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მისია, სახელწოდებით ტიტულის შენარჩუნება, ბევრისთვის მოულოდნელი წარმატებით დაიწყო: მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, რომელიც 22 წლისაა, რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი ლონდონში ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ზვერევისთვის ეს დიდი სლემის ტურნირების 19-გზის გამარჯვებულთან მეექვსე დუელი და მხოლოდ პირველი გამარჯვებაა!

“ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ატმოსფერო შესანიშნავი და არაჩვეულებრივია. ამისათვის ნამდვილად ღირს გრძელი სეზონის კარგად ჩატარება,” - განაცხადა ზვერევმა მატჩის შემდეგ.

ზვერევი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია

შარშანდელ ჩემპიონს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი მოუწევს, სტეფანოს ციციპასთან და დანიილ მედვედევთან (ბერძენმა რუსს 2 სეტში მოუგო). ნადალთან გამარჯვების შემდეგ ცხადია, რომ ზვერევს ნახევარფინალში გასვლის და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ბრწყინვალე შანსი აქვს. ანდრე აგასის სახელობის ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი საუკეთესო გადის.

ნადალს პირველივე წუთებიდან ეტყობოდა, რომ ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მხოლოდ ერთი ტურნირი ითამაშა. ჰამბურგში დაბადებული ზვერევი უნებლიე შეცდომებს თითქმის არ უშვებდა. 6 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა - ასე მოიგო ზვერევმა 36 წუთში პირველი სეტი. ჰამბურგელმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო, საკუთარი მოწოდება არ წაუგია და მატჩი გამარჯვებამდე საათსა და 24 წუთში მიიყვანა.

📺 ვიდეო: ნადალი V ზვერევი, ციციპასი V მედვედევი (მიმოხილვა)

ალექსანდერ ზვერევი მეორე მატჩს 14 ნოემბერს, ციციპასთან გამართავს, ნადალი კი - 13 ნოემბერს მედვედევს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები