Thumbnail
  • ახლახან ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ თელავში ლიონელ ენგუენე ჩაირიცხა
  • 23 წლის კამერუნელი ნახევარმცველი ერთ დროს ბარსელონა B-ში გამოდიოდა
  • ფეხბურთელმა თელავის 10-ნომრიანი მაისურით ერთი მატჩი უკვე ჩაატარა 

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგა 2-ში ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს. 23 წლის კამერუნელი ლიონელ ენგუენე საფეხბურთო კლუბ თელავის ახალწვეულია, რომელმაც გუნდთან ერთად ერთი მატჩი უკვე ჩაატარა. 

კამერუნელი ფეხბურთელი ქართული კლუბის ღირსებას, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 10-ნომრიანი მაისურით იცავს.

კამერუნელმა ლიონელმა თელაველების მაისურით უკვე ითამაშა

ლიონელ ენგუენე, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, კამერუნის ქალაქ ბერტუაში დაბადებული. ფეხბურთელმა თამაში სამუელ ეტო’ოს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი კატალონიაში გადაბარგდა, სადაც ბარსელონას აკადემიაში 2007-15 წლებში ირიცხებოდა. კამერუნელმა ბარსელონას ასაკობრივ გუნდთან ერთად 2013/14 წლების სეზონში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ენგუენემ ბარსას 19-წლამდელთა გუნდში არსენალის წინააღმდეგაც ითამაშა

ლიონელმა 2015/16 წლების სეზონი ბარსელონა B-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა. 2016 წლის იანვარში იჯარით თურქულ ანტალიასფორში გადავიდა, სადაც 6 შეხვედრაში ითამაშა. 2016/17 წლების სეზონში ენგუენე იჯარით ესპანეთის მესამე დივიზიონის ლუგოში აღმოჩნდა, 2017 წლის იანვრიდან კი - პორტუგალიურ ლეიშოეშში.

📺 ლიონელი ბარსელონა U19-ში 

ლიონელ ენგუენემ თელავის მაისურით ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში, თბილისის მერანთან ითამაშა, რომელიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგო. კამერუნელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცალეს. 

თელავს, რომელსაც რევაზ გოცირიძე წვრთნის, ეროვნული ლიგა 2-ში გასული 34 ტურის შემდეგ 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. თელაველებს ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები