Thumbnail

ორლანდო-ინდიანა ისტორიაში შევიდა – ბითაძე რეკორდულ მატჩს დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მეჯიქმა და პეისერსმა ჯამში მხოლოდ 11 საჯარიმო ესროლეს
  • ამაზე მცირე მაჩვენებელი მხოლოდ ‘ოლ სტარზე’ დაფიქსირებულა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის და ორლანდო მეჯიქის დღევანდელ მატჩში, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა, ერთი საინტერესო მაჩვენებელი დაფიქსირდა: გუნდებმა ჯამში მხოლოდ 11 საჯარიმო ესროლეს, რაც NBA-ს ისტორიაში უმცირესი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ინდიანელებმა მატჩი 109:102 მოიგეს, თანაც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებისკენ გაირკვა, ამ ფონზე კი, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო გასაკვირია. საბოლოოდ, ორლანდოელებმა 6 საჯარიმო შეასრულეს, პეისერსმა კი – 5, ამასთან, ბითაძის თანაგუნდელებს შესვენებამდე მხოლოდ 1 ჯარიმა ჰქონდათ ნასროლი.

“ამ მაჩვენებელს ჯერ კიდევ შესვენებისას მივაქციეთ ყურადღება. დასკვნა მარტივი იყო: შეტევაში საკმარისად ენერგიულები არ ვიყავით. მეტოქე დაცვაში ძალიან მჭიდროდ გვეთამაშებოდა და კარგ პოზიციებზე გასვლას ვერ ვახერხებდით. ვერ ვიტყვი, რომ მე-2 ტაიმში ბევრი საჯარიმო ვესროლეთ, თუმცა, სიტუაცია მცირედით მაინც გამოვასწორეთ”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ინდიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნეტ მაკმილანმა.

აქამდე, ლიგის ისტორიაში აღნიშნული მაჩვენებლის მხრივ რეკორდულად 1980 წლის 28 მარტს გამართული შეხვედრა ითვლებოდა, როდესაც ლოს ანჟელეს ლეიკერსმა და სან დიეგომ ჯამში 12 საჯარიმო შეასრულეს. ერთით მეტი ჯარიმა ესროლეს ფილადელფია-ორლანდოს (2013 წლის 4 თებერვალი) და ბოსტონი-ჩიკაგოს (2017 წლის 12 მარტი) თამაშებში.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში არის შეხვედრა, როდესაც გუნდებმა მხოლოდ 9 საჯარიმო შეასრულეს, თუმცა, ვინაიდან საუბარია “ყველა ვარსკვლავთა მატჩზე”, ოფიციალურ სტატისტიკაში, ის, შეტანილი არ გახლავთ. ეს ამბავი 2015 წლის 16 თებერვალს მოხდა, როდესაც დასავლეთ კონფერენციის ნაკრებმა აღმოსავლეთს 163:158 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები