Thumbnail

Skyrim-ის, Fallout-ის და Mass Effect-ის დეველოპერების ახალი სტუდია და თამაში!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Brass Lion Entertainment-ი ორიგინალურ, გამორჩეულ და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თამაშებს გვპირდება.
  • მათი პირველი პროექტი, თამაში Corner Wolves-ია.
  • თამაში, სავარაუდოდ, RPG ჟანრის იქნება.

Fallout 3, The Elder Scrolls: Skyrim, Mass Effect: ეს ლეგენდარული თამაშები ყველა გეიმერისთვის ნაცნობია და RPG ჟანრის საუკეთესო ნიმუშებად ითვლება. ალბათ, არცაა საჭირო იმის აღნიშვნა, რომ მსგავსი შედევრების შესაქმნელად ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებს უნდა ემუშავათ. სწორედ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულმა საოცნებო გუნდმა, ახალი დეველოპერული სტუდია დააარსა და პირველი თამაშიც დააანონსა.

ახალ სტუდიას Brass Lion Entertainment ჰქვია და მისი წარმომადგენლები ორიგინალურ, გამორჩეულ და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თამაშებს გვპირდებიან. კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებით, მათი მთავარი მიზანია, თამაშში ისეთი მრავალფეროვანი პერსონაჟები ჰყავდეთ, როგორიც CD Projekt-ს ჰყავს. შეგახსენებთ, რომ CD Projekt-ი პოლონური სტუდიაა და მათ ეკუთვნით Witcher-ის ტრილოგია, Baldur's Gate და Cyberpunk 2077, რომელიც 2020 წლის მარტში გამოვა და რომელსაც უკვე მოუთმენლად ელოდება მთელი გეიმერული პუბლიკა. 

ახალი სტუდიის,  Brass Lion Entertainment-ის ვებდგვერდზე ვკითხულობთ:

,,ჩვენ ფოკუსირებული ვართ გამორჩეული წარმოსახვითი სამყაროების შექმნაზე, რომელიც მარგინალიზებულ, აქამდე გამოუკვლელ კულტურებს წინა პლანზე წამოსწევს. Brass LIon-ი დივერსირებული და ყველასთვის განკუთვნილი სამყაროა, სადაც ნებისმიერი წარმოშობის ადამიანს შეუძლია, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, და, შედეგად, საუკეთესო ისტორიები, პერსონაჟები და სამყაროები შექმნას.''

ამ განცხადებასთან ერთად, საიტზე სტუდიამ მათი პირველი პროექტი, თამაში Corner Wolves დააანონსა. თამაშის პირვანდელ აღწერაში ვკითხულობთ:

'' ეს თამაში ახალგაზრდა ადამიანების ისტორიებს მოგვითხრობს. მათ ისტორიებს, ვინც ქუჩის ცხოვრებით გაიზარდა და ნარკოტიკებისა, ყაჩაღობებისა და მოძალადე პოლიციის რეალობაში ცხოვრობს.''

თამაში, საიტის მიხედვით, გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს, თუმცა მისი სიუჟეტი ჰარლემის შუა 90-იანი წლების ამბებს მოგვაგონებს. თამაშის გმირი, ჯასინტი, ახალგაზრდა ლათინო-აფრიკელ ამერიკელია, რომელიც საკუთარი მამის მკვლელს ეძებს, შურის საძიებლად. თამაშის ფოკუსი სთორითელინგზეა და, თუ გავითვალისწინებთ, პროექტზე მომუშავე ადამიანების წარსულ გამოცდილებას, ალბათ, Corner Wolves RPG ელემენტებითაც იქნება დატვირთული.

Corner Wolves-ს ჯერჯერობით ოფიციალური გამოშვების თარიღი არ აქვს, და არც თრეილერი გავრცელებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები