Thumbnail

ტოჩინოშინის დასანანი წაგება – ქართველს მეტოქე დოჰიოს კიდიდან დაუსხლტა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძეს ოძეკის წოდების დაბრუნება ძალიან გაუჭირდება
  • ქართველი სეკიტორი ხვალ კომუსუბი ენდოს გაეჯიბრება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც კიუშუს ბაშოზე ოძეკის წოდების დასაბრუნებლად იბრძვის, მიჯრით მეორედ დამარცხდა.

დღეს, ტოჩინოშინი, რომელიც წლის დასკვნით სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი სეკივაკეს რანგში ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით წააგო.

ქართველმა სეკიტორმა მეტოქის მავაშის ხელში მოგდება მოახერხა და ის დოჰიოს კიდესთანაც ჰყავდა მიყვანილი, თუმცა, იაპონელმა ჩვენებურის თავისკენ დაქნევა შესძლო, თვითონ კი გვერდზე გაიწია და ლევანი დაბლა აღმოჩნდა.

📺 მიოგირიუ - ტოჩინოშინი

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, თუმცა, კიუშიუს ბაშოს სტარტი ჩვენებურისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.

ქართველი სუმოისტი მომდევნო შერკინებას ხვალ ჩაატარებს, მისი მეტოქე კი დასავლეთის პირველი კომუსუბი ენდო იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ლევანი 5:6-ს აგებს.

კიუშუს ბაშოს მე-2 დღე სენსაციებით დატვირთული გამოდგა. წააგეს ოძეკებმა ტაკაკეიშომ და ტაკაიასუმ და რაც მთავარია, იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელსაც პირველმა მაეგაშირა დაიეიშომ ოშიდაშით აჯობა.

სათქმელია ისიც,  რომ შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა ოძეკი გოეიდო. ოსაკელმა ჩემპიონმა გუშინ ხსენებულ ენდოსთან წაგებული ორთაბრძოლისას მარცხენა ფეხი იტკინა და ტურნირიდან მოხსნა გადაწყვიტა. შესაბამისად, დღეს, პირველ მაეგაშირა ოკინოუმის გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები