Thumbnail
  • ქართველმა მწვრთნელმა ორდაბასის ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაო მოაპოვებინა
  • 51 წლის სპეციალისტის გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

კახა ცხადაძის გაწვრთნილი ორდაბასი ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და გაისად ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

პირველობის ბოლო, 33-ე ტურში, შიმკენტის გუნდმა საკუთარ მოედანზე თარაზს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და 65 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის (ასისტენტი) გაწვრთნილმა გუნდმა უკან ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის ტობოლი (63 ქულა) ჩამოიტოვა, ქვეყნის ჩემპიონობა კი ზედიზედ მეექვსედ ასტანამ მოიპოვა.

ორდაბასიმ ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ 51 წლის კახა ცხადაძე შიმკენტის ორდაბასის მეორე სეზონია წვრთნის. 2018 წლის ჩემპიონატში ქართველი სპეციალისტის გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა, წელს კი ეს შედეგი გააუმჯობესა.

"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო და ასეთ დროს დაძაბულობა ბუნებრივია. მთავარი იყო, ემოციები გაგვეკონტროლებინა და სწორედ ეს ვუთხარი თამაშის წინ ჩემს ფეხბურთელებს. სწრაფმა გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. კმაყოფილი არამხოლოდ დღევანდელი მატჩით, მთელი სეზონით ვარ. ყოჩაღ ბიჭებო! მადლობელი ვარ ფეხბურთელების, ხელმძღვანელობის და ყველასი, რომ ასეთი კარგი შედეგი დავდეთ", - თქვა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

კახა ცხადაძის გუნდმა ჩემპიონატში ბოლო ოთხივე მატჩი მოიგო 

ბრინჯაოს მედალი კახა ცხადაძისთვის პირველი ჯილდო არ არის ყაზახეთში. საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს ამ ქვეყანაში მანამდე, ალმათის ქაირათთან ერთად, ვიცე-ჩემპიონობა (2016) და სუპერთასი (2017) აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები