Thumbnail

ვერცხლი და ბრინჯაო ლატვიიდან – ქართველ მოციგურავეთა წარმატება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ირაკლი მაისურაძემ ვერცხლი მოიპოვა, ალინა ურუშაძემ – ბრინჯაო
  • ქართველმა იუნიორებმა ძალები უფროსებს შორის მოსინჯეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე Volvo Open Cup ქართული ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს: ირაკლი მაისურაძე ვერცხლს დაეუფლა, ალინა ურუშაძე კი – ბრინჯაოს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა იუნიორებმა ძალები უფროსებში მოსინჯეს და თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ.

📺 ირაკლი მაისურაძის თავისუფალი პროგრამა

ვაჟთა ტურნირში მონაწილეობა 15 ქვეყნის 16-მა წარმომადგენელმა მიიღო. მაისურაძემ მოკლე პროგრამაში 71.06 ქულა მიიღო და მე-3 შედეგი დააფიქსირა, თავისუფალში (149.29) კი პირველი იყო.

ჯამში, ქართველ სპორტსმენს 220.35 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილზე გასულ რუს არტიომ კოვალიოვს (220.67) მხოლოდ 0.32 ქულით ჩამორჩა.

ალინა ურუშაძე

ქალთა ტურნირში უფროსი ასაკის 15 ქვეყნის 28 მონაწილეს შორის ასპარეზობდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე.

ქართველმა გოგონამ მოკლე პროგრამაში 57.07 ქულით მე-4 შედეგი დააფიქსირა, თავისუფალში კი, უკეთ გამოვიდა და 106.76 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა.

ურუშაძემ ჯამში 163.83 ქულა მიითვალა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ალინას მხოლოდ ბელარუსმა ვიკტორია საფონოვამ (181.88) და აზერბაიჯანელმა ეკატერინა რიაბოვამ (178.23) აჯობეს.

სათქმელია ისიც, რომ ურუშაძემ მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული აუცილებელი მინიმუმი შეასრულა, რაც მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ლატვიაშივე, ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ იუნიორთა სპორტულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი ცეკვებში ვერცხლს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები