Thumbnail

U20 ევროპის ჩემპიონატი თბილისში – გენერალური რეპეტიცია ევრობასკეტამდე

  • საქართველოს დედაქალაქი ტურნირს გაისად 10-19 ივლისს უმასპინძლებს
  • ფიბა-ევროპამ თბილისში გამართული 3×3 კალათბურთის ტურნირი გამოარჩია

საქართველო 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. ეს ამბავი გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამ ორგანიზაციის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს გახლდათ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში ხელახალი ვადით აირჩიეს პრეზიდენტი თურგაი დემირელი, ბორდი კი ახალი წევრებით დაკომპლექტდა.

კიოლნში გამართულ ევროკალათბურთის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე კონტინენტის მასშტაბით არაერთი ტურნირისა თუ ღონისძიების დაგეგმარებაზე იყო საუბარი. განიხილეს ქალთა და ვაჟთა ევრობასკეტების, ასევე საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ჩატარებისა და ორგანიზების დეტალები.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო კი ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას ეხებოდა.

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 10-19 ივლისს კონტინენტის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს, რომელშიც ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თბილისი უმასპინძლებს.

ფიბა-ევროპის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისში ევრობასკეტი 2021-ის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები უნდა ჩატარდეს. ევროპის 20-წლამდელთა B დივიზიონის თბილისში გამართვა საუკეთესო საშუალება იქნება ევრობასკეტი 2021-ის ჯეროვნად ჩატარებისთვის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები.

ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ფინალში ლატვიას მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა.

ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში B დივიზიონში საასპარეზოდ ჩამოვლენ.

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ჩვენი ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტიც დაფიქსირდა.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა კამილ ნოვაკმა, რომელმაც ბორდის წევრებს გასული წლის მოკლე ანგარიში ჩააბარა, განსაკუთრებულად გამოარჩია თბილისში გასულ სექტემბერში ჩატარებული 3×3 კალათბურთის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი.

ნოვაკის თქმით, ხაზგასასმელია, რომ საქართველომ ასეთი მაღალი რანგის საკალათბურთო ტურნირს პირველად უმასპინძლა და ამას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით გასულ წელს ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს შორის საუკეთესო სამეულში შევიდა.

ცნობისთვის, ევროპის სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებს, რომლებშიც საქართველოს ნაკრებები იასპარეზებენ, რუმინეთი და ბულგარეთი უმასპინძლებენ. U18 ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში, ხოლო U16-ის B დივიზიონს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები