Thumbnail

10 წელი ენკეს თვითმკვლელობიდან - ბარსას და ჰანოვერის ემოციური პოსტები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 10 წლის წინ რობერტ ენკემ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა
  • ექს-კლუბებმა გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე გაიხსენეს

ზუსტად 10 წლის წინათ, 2009 წლის 10 ნოემბერს, საფეხბურთო მსოფლიო შოკისმომგვრელმა ამბავმა შეძრა. გერმანიის ნაკრების მეკარე რობერტ ენკემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 32 წლის კიპერმა, რომელსაც კარგი შანსი ჰქონდა, 2010 წლის მუნდიალზე ბუნდესგუნდის მეკარე ყოფილიყო, დეპრესიას ვერ გაუძლო და მატარებელს ჩაუვარდა.

ენკეს თვითმკვლელობამდე 3 წლით ადრე, მისი ქალიშვილი ლარა გარდაიცვალა

ენკეს სუიციდის 10 წლის თავზე, რობერტი მისმა ყოფილმა კლუბებმა, ახლობლებმა და გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ყველაზე ემოციური პოსტი ჰანოვერმა გამოაქვეყნა, სადაც ენკეს კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული.

“მკვდარია მხოლოდ ის, ვისაც დაივიწყებენ. ჩვენ რობერტ ენკეს არასდროს დავივიწყებთ. ზუსტად 10 წელია, რაც ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ ჩვენ ის ყოველთვის გვახსოვს. გვახსოვს, როგორც ფანტასტიკური მეკარე და განსაკუთრებული ადამიანი,” - ვკითხულობთ ჰანოვერის პოსტში, სადაც ენკე 2004-დან 5 წლის მანძილზე, თვითმკვლელობამდე თამაშობდა.

“რობერტი მართლაც ყველას ახსოვს და ეს ძალიან მიხარია,” - განუცხადა ენკეს მეუღლემ, ტერეზამ საინფორმაციო სააგენტო SID-ს. რობერტის სუიციდის 10 წლის თავზე ტერეზა ენკე მეუღლის საფლავზე გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან ერთად მივიდა.

ბუნდესგუნდის ყოფილი კიპერი კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბარსელონაშიც: “ჩვენ იგი ყოველთვის გვემახსოვრება,” - ვკითხულობთ ბარსელონას პოსტში.

რობერტ ენკე კატალონიურ გრანდში 2002-დან 2004 წლამდე თამაშობდა. ენკემ კარიერა იენის კარლ ცაისში დაიწყო. მერე იყო მიონხენგლადბახის ბორუსია, ლისაბონის ბენფიკა, ბარსელონა, ფენერბაჰჩე, ტენერიფე და ჰანოვერი. ენკემ გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ გუნდში კი 8 მატჩის ჩატარება მოასწრო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები